Print this page
ორშაბათი, 21 დეკემბერი 2020 16:55

რესურსცენტრი: დეკემბერში კორონავირუსით, გორის მუნიციპალიტეტში 3 პედაგოგი გარდაიცვალა

გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტში COVID-19 -ით 3 პედაგოგია გარდაცვლილი.

 

სამივე მათგანის მდგომარეობა წლის ბოლო თვეს დამძიმდა. ბოლო შემთხვევა ყელქცეულის საჯარო სკოლას ეხება, მათემატიკის პედაგოგი, 56 წლის თინათინ მანველიშვილი ჰოსპიტალში გარდაიცვალა. სკოლის დირექტორის, მარინე ტაბატაძის განმარტებით, სამედიცინო დაწესებულებაში ის 1 დეკემბერს გადაიყვანეს, მდგომარეობა გაუარესდა და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ამ სკოლაში მიმდინარე თვეს კიდევ ერთი პედაგოგი გარდაიცვალა, თუმცა ქართული ენის მასწავლებლის მდგომარეობის გართულების მიზეზი მისი თანამშრომლებისთვის უცნობია. 

 

"გარდაცვლილია ჩვენი სკოლის 2 პედაგოგი, ერთს სიმსივნე ჰქონდა, ვერ გიდასტურებთ ქართული ენის პედაგოგი, მარინე ზაქარაშვილი იყო თუ არა კოვიდინფიცირებული. მას ტესტი არ აუღია, სიმსივნე ჰქონდა. 13 დეკემბერს გარდაიცვალა. გარდაცვლილია ასევე მათემატიკის პედაგოგი 56 წლის თინათინ მანველიშვილი, პირველ დეკემბერს დააწვინეს გორის ჰოსპიტალში, 4 ში გადაიყვანეს მართვით სუნთქვაზე და გუშინ გამორთეს აპარატიდან. დღეის მდგომარეობით 2 პედაგოგი კიდევ გვყავს კოვიდინფიცირებულები, საბედნიეროდ ისინი კარგად არიან",-უთხრა რადიო "მოზაიკას" ყელქცეულის საჯარო სკოლის დირექტორმა, მარინე ტაბატაძემ. 

 

კორონავირუსით გარდაიცვალა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის საჯარო სკოლის პედაგოგი, ქიმიის მასწავლებელი ეთერ იაშვილი. ის ნოემბრის თვეში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. 

 

" 11 დეკემბერს შეიქმნა ძალიან ცუდად. მთელი 3 კვირა მანამდე იყო იზოლაციაში. ნოემბრის 30 იქნებოდა დამირეკა და მითხრა, რომ კოვიდი უკვე ჰქონდა. ფასიანი ტესტი გაიკეთა და დაუდასტურდა. 10 დღის  შემდეგ გაუარესდა მდგომარეობა. ესეც შემატყობინა, რადგან ვერ შეძლო დისტანციურ სწავლებაში ჩართვა, გაკვეთილების ჩატარება უჭირდა. ის ქარელის კოვიდკლინიკაში მკურნალობდა",-აღნიშნა, ბერშუეთის საჯარო სკოლის დირექტორმა, ქეთევან ცერცვაძემ. 

 

დღევანდელი მონაცემებით,  ქვეყანაში COVID-19 -ით გარდაცვლილთა რიცხვი 46-ია. ინფიცირების კი 824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან შიდა ქართლში -78 დაფიქსირდა.