Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 07 აპრილი 2020 15:27

სად გადაინაცვლებს მყიდველი და გამყიდველი გორში აგრარული ბაზრის დახურვის შემდეგ?

გორის აგრარული ბაზრები 4 აპრილს, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ დაიხურა, რადგან იგი კორონავირუსის გავრცელების რისკის ზონად მიიჩნიეს.

 

მას შემდეგ მყიდველებიც და გამყიდველებიც ახალი გამოწვევის წინაშე დადგნენ - როგორ შეძლებენ ისინი პროდუქციის რეალიზებას და ხომ არ გამოიწვევს ბაზრის დახურვა იმ საკვები პროდუქტების დეფიციტს, რომელსაც მომხმარებელი აგრარულ ბაზრებზე ყიდულობდა.

 

საზოგადოებაში გაჩნდა სხვადასხვა კითხვები. მომხმარებელს აინტერესებს სად უნდა შეიძინოს პროდუქცია; გამყიდველს კი ის, თუ სად შეძლებს საქონლის რეალიზებას და რის უფლებას მისცემს საგანგებო მდგომარეობის პირობები მას.

 

 

 

შიდა ქართლის გუბერნატორი და რეგიონის საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელი გიორგი ხოჯევანიშვილი ამბობს, რომ შტაბი მუშაობს ერთიან სტანდარტზე, რომელიც ერთდროულად აგრარული ბაზრის მოვაჭრეებს კრიზისის დაძლევაში დაეხმარება და მეორე მხრივ, მომხმარებლის ინტერესებსაც გაითვალისწინებს. მანამდე კი, ხოჯევანიშვილს მოვაჭრეებისთვის მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათის მითითება აქვს.

 

"ყველა გაგებით უნდა მოეკიდოს შექმნილ ვითარებას. მათ შეუძლიათ კერძო საუბნო მაღაზიებს ჩააბარონ თავიანთი პროდუქცია, თუმცა ეს მხოლოდ რეკომენდაციაა იმისათვის, რომ შემოსავლის წყარო არ დაკარგონ აგრარული ბაზრის მოვაჭრეებმა. რა თქმა უნდა, შტაბი მუშაობს ერთიან სტანდარტზე, რომელიც მათ კრიზისის დაძლევაში დაეხმარება", - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

 

მოვაჭრეთა ნაწილმა სხვა გამოსავალზე იფიქრა. მათ ონლაინ-სივრცეში დაიწყეს პროდუქციის გასაღება. აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელებში მომხმარებლის მხრიდანაც გაიზარდა მოთხოვნა პროდუქციაზე, რომელიც მანამდე აგრარულ ბაზრებში იყიდებოდა.

 

 

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელის ქეთი ბებიაშვილის განმარტებით, საგანგებო მდგომარეობის პირობებში ონლაინ-სივრცეში საკვები პროდუქციის გაყიდვა აკრძალული არ არის, თუმცა ის ყურადღებას ამახვილებს საქონლის მიწოდების ფორმაზე.

 

"პროდუქტების ონლაინ-გაყიდვა აკრძალული საქმიანობების სიაში არ არის, თუმცა ყურადღება უნდა მიექცეს პროდუქტების მიწოდების ფორმას, რამდენად არის ამ შემთხვევაში უსაფრთხოების ზომები დაცული, ეს უნდა გააკონტროლოს სახელმწიფომ", - განმარტა ქეთი ბებიაშვილმა.

 

როგორც ცნობილია, აგრარული ბაზრები გორში 21 აპრილის ჩათვლით იქნება დახურული, იქამდე, სანამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა დასრულდება.