Back to Top
ხუთშაბათი, 21 მაისი 2020 12:43

როგორ დავარეგისტრიროთ მიწის ნაკვეთი - ინსტრუქცია

"ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე" - ასე ჰქვია სახელმწიფო პროგრამას, რომელიც მთავრობამ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ შედეგებთან გამკლავებისთვის შეიმუშავა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ფერმერები სხვადასხვა ტიპის დახმარებას მიიღებენ.

 

აღნიშნული დახმარებების სრულად მისაღებად აუცილებელია ფერმერს ოფიციალურად ჰქონდეს დარეგისრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. აქედან გამომდინარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ არაერთხელ მოუწოდა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ პირებს, რომ დაირეგისტრირონ მიწის ნაკვეთები.

 

„ყველა ის დახმარება ფერმერებისთვის, რასაც სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა ითვალისწინებს, პირდაპირ არის დაკავშირებული დარეგისტრირებულ მიწასთან. იმისთვის, რომ ჩვენ ხელი შევუწყოთ ფერმერობის განვითარებას, ყველა ადამიანი, ვისაც შეიძლება რაიმე მიზეზით მიწა არ აქვს დარეგისტრირებული და წლის ბოლომდე ამას მოახერხებს, ამ შეღავათებით და დახმარებებით ისარგებლებს" , - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, საზოგადოებაში აქტუალური გახდა კითხვები, რომელიც ეხება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის რეგისტრაციას.

 

რადიო "მოზაიკა" გთავაზობთ ინსტრქუციას, რომლის დახმარებითაც ფერმერები შეძლებენ მიწის ნაკვეთების რეგისტრაციას.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, სასოფლო–სამეურნეო მიწის ნაკვეთს განეკუთვნება ის მიწის ნაკვეთები, რომელთა გამოყენება ხდება სასოფლო–სამეურნეო მიზნით. ასეთია: საძოვარი, სათიბი, სახნავი (მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამო მიწის ნაკვეთი.

 

"იმისათვის, რომ კონკრეტულ სასოფლო–სამეურნეო მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდეს საკუთრების უფლება, აუცილებელია მოხდეს ამ უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლება მესაკუთრეს თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი" , - განმარტავენ სააგენტოში.

 

როგორც ცნობილია, საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის დაინტერესებულმა პირმა/მესაკუთრემ უნდა მიმართოს იუსტიციის სახლის ან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნებისმიერ ოფისს და წარადგინოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტები, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო, ფერმერს შეუძლია მოთხოვნილი საბუთები იმეილის საშუალებითაც გაგზავნოს.

 

 

საჯარო რეესტრის ოფიციალურ ელფოსტაზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. ფერმერმა უნდა დაასახელოს კონკრეტულად რომელი მომსახურების მიღება სურს და მიუთითოს საკონტაქტო ინფორმაცია. რეგისტრაციის იმეილით მოთხოვნის შემთხვევაში, საჯარო რეესტრს გარკვეული მოთხოვნები აქვს. კერძოდ:

 

1 . წარმოდგენილი დოკუმენტების ფოტოასლები შესრულებული უნდა იყოს იმ ხარისხით, რომ შესაძლებელი იყოს მათი  წაკითხვა;

 

2. დოკუმენტაციის ნამდვილობაზე პასუხისმგებლობა, მათ შორის სისხლის სამართლებრივი,  მის წარმდგენ პირს ეკისრება;

 

3. დოკუმენტების დედნები სავალდებულოა წარმოადგინოთ საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, 30 კალენდარული დღის ვადაში (საგანგებო მდგომარეობა საქართველოში 22 მაისს სრულდება);

 

4. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ფოტოასლთან ერთად,  ყოველ კონკრეტულ მომსახურებაზე კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტების ფოტოასლები უნდა იქნას თანდართული. რაც აუცილებელია სარეგისტრაციო წარმოების განსახორციელებლად.

 

"თუ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების ან/და მასში ცვლილების რეგისტრაციას ითხოვთ,  გამოაგზავნეთ მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ქაღალდის ვერსიის ფოტოასლი, ასევე ნახაზის ციფრული ვერსია; საკუთრების უფლების/მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ფოტოასლი  და რეგისტრაციისთვის საჭირო  ხელთ არსებული, სხვა დოკუმენტ(ებ)ის ფოტოასლ(ებ)ი" - განმარტავენ სააგენტოში.

 

როგორც ცნობილია,  სასოფლო–სამეურნეო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია და დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემების დაზუსტება (გარდა თვითმმართველი ქალაქების  ადმინისტრაციულ საზღვრებში და რეკრეაციულ ტერიტორიებზე მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისა) წარმოებს მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე 4 სამუშაო დღის ვადაში.