Back to Top
ოთხშაბათი, 03 ივნისი 2020 10:31

covid-19 -ის გამო საბავშვო ბაღებისთვის, შესაძლოა ახალი რეკომენდაციები შემუშავდეს

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს შესაძლოა სექტემბრიდან ახალი რეგულაციების განხორციელება მოუწიოთ, ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რა ვითარება იქნება ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის, განათლების განყოფილების ხელმძღვანელის თქმით, ქვეყანაში ვირუსის დაფიქსირების დღიდანვე შესაბამისი ღონისძიებები ჩატარდა გორის მუნიციპალიტეტის ყველა ბაღში და ახალი სასწავლო წლისთვისაც ყველა ის რეკომენდაცია იქნება გათვალისწინებული, რაც იმ მომენტისთვის შესაბამისი უწყებების მხრიდან იქნება გაჟღერებული.

" როგორც კი დაფიქსირდა ვირუსის შემთხვევები ქვეყანაში, მაშინვე ყველა ბაღში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები. გარდა ამისა, ბაღებში ინტენსიურად მიმდინარეობს სველი წესით დამუშავება ხსნარებით, ამას სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებიც მოითხოვს.ასევე, ყოველი არდადეგების შემდეგ ტარდება გენერალური დასუფთავება.აგრეთვე სურსათის ეროვნული სააგენტო მუდმივად ახორციელებს ბაღების მონიტორინგს.ჯერ მოვლენების განვითარებას დაველოდოთ სექტემბრისთვის და რა რეკომენდაციებსაც შეიმუშავებენ კონკრეტულად ბაღებისთვის, რა თქმა უნდა განვახორციელებთ", -აცხადებს ნინო ბერიანიძე.