Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 16 ივნისი 2020 15:47

შემოსავლის გარეშე დარჩენილი კერძო ბაღები და მშობელთა ახალი გამოწვევები

პანდემიის გამო, საბავშვო ბაღების დახურვამ მშობლების ყოველდღიურობა მნიშვნელოვნად შეცვალა.

 

29 წლის ბელა მინდიაშვილი გორში ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობს. სამსახურში ხშირად 4 წლის შვილთან ერთად მიდის, რადგან სახლში ბავშვის დამტოვებელი არავინ ყავს და ვიდრე სამსახურიდან მეუღლე მოაკითხავს, პატარას მოსასვენებელ ოთახში, ან კლინიკასთან ახლოს, მანქანაში ტოვებს. თუ დაანონსებული პერიოდიდან კერძო ბაღებს მუშაობის განახლების უფლება არ მიეცათ, ბელა იძულებული იქნება სამსახური დატოვოს.

 

„15 ივლისისთვის მიეცემათ კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებს მუშაობის გაგრძელების უფლებაო, ასე მოვისმინე. მანამდე კიდევ გავიჭირვებ და ვატარებ ბავშვს სამსახურში, მაგრამ ბოლო პერიოდში, კორონავირუსის გავრცელების შემთხვევების გახშირების გამო, ვფიქრობ, ამ ვადას კიდევ გადაწევენ. თუ ასე მოხდა, დავწერ ალბათ გათავისუფლების შესაებ განცხადებას და წამოვალ სამსახურიდან. არ მიღირს ბავშვის უყურადღებოდ და საფრთხის წინაშე ყოფნა, რაიმე ანაზღაურების სანაცვლოდ. ეს უფრო არაა ინფიცირების საფრთხე აქ რომ ვატარებ? არ სჯობს კერძო ბაღები გახსნან და წესების დაცვით ამუშაონ? იქ უფრო დაცულად იქნება ჩემი შვილი“, - ამბობს ბელა  მინდიაშვილი.

 

24 წლის მზია გიგაური ფარმაცევტია. ის აფთიაქში კვირაში 6 დღე მუშაობს. მასაც მცირეწლოვანი შვილები ჰყავს და მუდამ მათი დატოვების პრობლემა აქვს. 

 

„ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. დამტოვებელი არავინ მყავს. ჩემი დედამთლიც ასაკიანი ქალია და ორივეს მიხედვა გაუჭირდება. ამიტომ ველოდები როდის აამუშავებენ ბაღებს რომ მივიყვანო. თუ ივლისშიც არ გაიხსნება კერძო ბაღები. არ ვიცი, როგორ მოვიქცევი, ამ რთულ რეჟიმს სადამდე ან როგორ გავაგრძელებ“, - ამბობს მზია გიგაური.

 

კორონავირუსით დაწესებულმა შეზღუდვებმა პრობლემები შეუმნა კერძო ბაღების დირექტორებს. ისინი ამბობენ, რომ ბოლო თვეების განმავლობაში, უშემოსავლოდ დარჩნენ. პედაგოგებმაც მხოლოდ ერთჯერადი 300 ლარიანი დახმარება მიიღეს, რაც მათი თქმით, ერთი თვეც არ ეყოთ ოჯახის გამოსაკვებადაც.

 

„ფაქტიურად ამ ბიზნესზე ვიყავით დამოკიდებულები მეც და ჩემი ოჯახის წევრებიც. 25 აღსაზრდელი გვყავდა და ყველა სეზონზე უპრობლემოდ ვმუშაობდით. მშობლებსაც, ვფიქრობ, მნიშვნელოვან დახმარებას ვუწევდით, განსაკუთრებით მათ, ვინც მუშაობს და მცირეწლოვანი ბავშვების დამტოვებელი არ ჰყავს. ახლა ყოველდღიურად მირეკავენ და მეკითხებიან, როდის გავიხსნებით, მაგრამ არც ვიცი, რა ვუპასუხო“, - აცხადებს „ანაბანას“ დირექოტირ ჟურლიეტა ლობჟანიძე.

 

საბავშვო ბაღის „ცეროდენას“ დირექტორმა კი ამ საკითხზე სახელმწიფოს ოფიციალურად მიწერა. პრემიერს წერილი გაუგზავნა და საბავშვო ბაღის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით პასუხები მოითხოვა. ინგა გულიაშვილი ამბობს, რომ საპასუხო წერილში მას ჰიგიენური ნორმების დაცვის და ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების გათვლალისწინებით მუშაობის გაგრელების ნებართვას დაპირდნენ, თუმცა ამ ყველაფრისთვის გაღებული ხარჯების მიუხედავად, მოგვიანებით ბაღის გახსნაზე უარი უთხრეს.

 

„ის ერთჯერადი 300 ლარიანი დახმარება კი მივიღეე, მაგრამ 600 ლარი მარტო ყველა იმ საშუალების შესაძენად დავხარჯე, რაც საჭირო იყო სადეზინფექციო და ჰიგიენური ნორმების სამუშაოებისა და ხსნარებისთვის. ჯერ მითხრეს, თუ ამ სტანდარტებს დააკმაყოფილებ შეგეძლება მუშაობაო, მერე უკვე როცა ადგილობრივ ხელისუფლებასტან გადმომამისამართეს, მუშაობის განახლებაზე უარი მითხრეს და ის ნასესხი ფულით გაწეული ხარჯითაც დავზარალდი. იმედი გვაქვს, ჩვენ საკითხსაც ვინმეს სადმე გააჟღერებს და მოგვხედავენ, კერძო ბაღებზე რატომრაც არავინ არსად აკეთებს აქცენტს“, - ამბობს ინგა გულიაშვილი.

 

გორში პანდემიის გამოცხადებამდე სულ 4 კერძო ბაღი ფუნქციონირებდა. ყველა მათგანი მსგავსი პრობლემების წინაში დგას. გორის მერიაში ამბობენ, რომ კერძო სექტორის მუშაობაში ჩარევა მათ კომპეტენციებს სცილდება და დახმარებას ვერ ჰპირდებიან.