Back to Top
ხუთშაბათი, 11 თებერვალი 2021 14:29

ჯუფდებადობის კანონის მაგალითი - ა(ა)იპ-ების რეორგანიზაცია გორში

Rate this item
(0 votes)

2017 წელს გორის მუნიციპალიტეტში ა(ა)იპ-ების რეორგანიზაცია ჩატარდა, რასაც საბიუჯეტო თანხების დაზოგვა და ა(ა)იპ-ების საქმიანობის ეფექტიანობის ზრდა უნდა მოეტანა. რა მივიღეთ რეორგანიზაცის შემდეგ? - ეს კითხვა ხშირად ისმის, რადგან დაანონსებული სასარგებლო ცვლილებები, არამარტო მოქალაქეებისთვის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვისაც არ აღმოჩნდა ნათელი.

 

 

რა ვითარება გვაქვს დღეს?

 

გორის მუნიციპალიტეტის მერიას ამჟამად 11 ა(ა)იპი აქვს დაფუძნებული. აღნიშნული დაწესებულებების ხარჯები ადგილობრივი ბიუჯეტიდან იფარება. მათი დაფინანსებისთვის გამოყოფილი თანხა კი დიდწილად სახელფასო ფონდს ხმარდება.

 

რადიო „მოზაიკას“ მიერ მუნიციპალური ა(ა)ი-ებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია აჩვენებს, რომ უკვე წლებია, გორის მთლიანი ბიუჯეტის 40%-ზე მეტი ყოველთვის აღნიშნული ა(ა)იპებ-ის შენახვისთვის იხარჯება.

 

ცხრილი №1: გორი მუნიციპლური ა(ა)იპ-ების ფინანსური წილი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2018-2021 წლებში:

წყარო: გორის მუნიციპალიტეტის მერია

 

რა იყო რეორგანიზაციამდე და რა შედეგი მოიტანა?

 

2017 წელს, გორისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევის (გაუქმების) შემდეგ, დღის წესრიგში ქალაქ გორსა და მუნიციპალიტეტში არსებული ა(ა)იპების შერწყმის საკითხიც დადგა. (2017 წლის არჩევნებამდე დაიწყო რეოგანიზაციის პროცესი და მათი ოპტიმიზაცია დეკემრამდე უნდა დასრულებულიყო).

 

შერწყმამდე ქალაქ გორში - 41, ხოლო თემში 15 ა(ა)იპ-ი იყო რეგისტრირებული. კერძოდ, ფუნქციონირებდა ორი ტურიზმის ცენტრი, 6 სპორტული, კეთილმოწყობის 2 სამსახური, მოსწავლე-ახალგაზრდობის 2 ცენტრი და ა.შ.

 

რეორგანიზაციის ეფექტიანი ჩატარებისთვის, გორის მერის კონსტანტინე თავზარაშვილის ბრძანებით და საკრებულოს თანხმობით, შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელსაც გელა კაპანაძე, მაშინდელი მერის მოადგილე და ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ა(ა)იპ-ის დირექტორი ხელმძღვანელობდა.

 

სწორედ აღნიშნული კომისიის შეფასების საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტში ა(ა)იპ-ების რაოდენობა 10-მდე შემცირდა.

 

ოპტიმიზაციის მთავარი საფუძველი სწორედ თანხების დაზოგვას უკავშირდება”, - ამბობდა კომისიის თავმდჯომარე.

 

მსგავსი მოლოდინი ჰქონდათ მოქალაქეებსაც, თუმცა ოპტიმიზაციის დასრულების შემდეგ გამოქვეყნებულ სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში ითქვა:

 

 

ჩატარებული რეორგანიზაციის შემდგომ, 2017 წლის მაისიდან იურიდიული პირების რაოდენობა შემცირდა 22-მდე. 2017 წლის ბოლოს, მუნიციპალიტეტების გაერთიანების შედეგად ჩატარებული რეორგანიზაციით, ა(ა)იპ-ების რაოდენობა 22-დან შემცირდა 10-მდე. იურიდიული პირების მნიშვნელოვნად შემცირებას უნდა გამოეწვია სუბსიდიის შემცირებაც, მინიმუმ ადმინისტრაციული ხარჯების ნაწილში. მიუხედავად ამისა, 2018 წელს მუნიციპალიტეტმა 10 ა(ა)იპ-ის დაფინანსებაზე, 887 ათას 900 ლარით მეტი დახარჯა, ვიდრე 2017 წელს. 2017 წელს ა(ა)იპ-ებში დასაქმებული იყო 3 016 პირი, ხოლო 2018 წელს 2 976 პირი”.

 

თანხების დაზოგვა არც მომავალ წლებში მომხდარა, რასაც რადიო „მოზაიკას“ მიერ ა(ა)იპ-ებიდან მიღებული ინფორმაციაც ადასტურებს.

 

ცხრილი 2: გორის მუნიციპალური ა(ა)იპების ბიუჯეტი 2018-2021 წლებში:

წყარო: გორის მუნიციპალიტეტის მერია

 

წლების განმავლობაში, ა(ა)იპებ-ის დაფინანსების არათუ შემცირების, არამედ ზრდის ფაქტს აუდიტის დასკვნამ თანამშრომელთა რიცხოვნობის არაგონივრული ზრდაც დაუმატა. კერძოდ, თქვა:

 

ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობა ფაქტობრივად არ შეცვლილა. შესწავლით დგინდება, რომ გაუქმებულ ა(ა)პ-ებში დასაქმებულები გადანაწილდნენ ახალ შექმნილ, კეთილმოწყობის, სპორტულ, სახელოვნებო, კულტურულ და სტრატეგიულ განვითარების პროფილის გაერთიანებებში. არსებობს რისკი იმისა, რომ ა(ა)იპ-ებში საშტატო რიცხოვნობა არაგონივრულად არის გაზრდილი.

 

სახელმწიფო აუდიტის დასკვნის გამოქვეყნებიდან 1 წელი გავიდა. შემცირდა თუ არა თანამშრომელთა ოდენობა? - ამ კითხვით რადიო „მოზაიკამ“ ყველა მუნიციპალურ ა(ა)იპ-ის მიმართა.

 

კითხვაზე მხოლოდ მათმა ნაწილმა გვიპასუხა. მიღებული პასუხებიდან ჩანს, რომ ოპტიმიზაციის შემდეგ, ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობა არათუ მცირდებოდა, არამედ ეტაპობრივად იზრდებოდა.

 

კეთილმოწყობის სააგენტო: 2017 წელს ჩვენთან 40 შტატი იყო. დღეის მდგომარეობით, არის 45 შტატი. აქედან დანიშნული შტატების რაოდენობა არის 43, ხოლო თავისუფალი შტატების რაოდენობა - 2.

 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი: 2017 წლიდან 2020 წლის ჩათვლით, ა(ა)იპ-ში გაუქმებული პოზიციები არ გაგვაჩნია.

 

სპეციალური სერვისების მიწოდების სააგენტო: 2017 წლიდან დღემდე, სააგენტოს დაემატა 2 შტატი - კინოლოგის და მატერიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის შტატი.

 

კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო:  საშტატო ნუსხაში არ გაუქმებულა არცერთი პოზიცია.

 

გორის მაცნე: „2017 წლიდან დაგვემატა 4 შტატი და მათი ოდენობა 2021 წლისთვის შეადგენს 11-ს.

 

სასმელი წყლის სისტემების, წყალარინების, მილიორაციის, ჭაბურღილების და სატუმბო სადგურის სამსახური: 2017 წლიდან დღემდე ა(ა)იპ-ში გაუქმებული პოზიციები არ გაგვაჩნია.

 

სტრატეგიული განვითარების სააგენტო: 2018 წელს შეიქმნა 5 პოზიცია, 2019-ში კიდევ 5, ხოლო 2020 წელს 3 პოზიცია.

 

ფეხბურთის კლუბი გორი: 2017 წლიდან დღემდე დაგვემატა 6 პოზიცია.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ მუნიციპალური ა(ა)იპ-ების უმრავლესობას შტატგარეშედ იმაზე მეტი ადამიანი ჰყავთ დასაქმებული, ვიდრე შტატით.

 

ცხრილი 3: გორის მუნიციპალურ ა(ა)იპ-ებში დასაქმებულ პირთა რაოდენობა:

წყარო: გორის მუნიციპალიტეტის მერია

 

ეტაპობრივად ზრდადი თანამშრომელთა ოდენობა ა(ა)იპ-ების სახელფასო ფონდებზეცაა ასახული.  დღეის მდგომარეობით, არსებობენ ა(ა)იპ-ები, რომლებიც ბიუჯეტიდან მიღებული თანხის 80%-ზე მეტს სწორედ ხელფასებზე ხარჯავენ.

 

„ჩვენი სააგენტოს ბიუჯეტის თითქმის 90% ხელფასებზე იხარჯება“, - გვითხრა ა(ა)იპ კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს დირექტორმა გელა კაპანაძემ.

ცხრილი 4: ა(ა)იპების სახელფასო ფონდის წილი ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიღებული დაფინსებიდან:

შენიშვნა: ცხრილში მოყვანილია მხოლოდ იმ ა(ა)იპ-ების მონაცემები, რომლებმაც ინფორმაციის მოწოდება უზრუნველყვეს

ინფორმაცია, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის მერიისგან მოწოდებულ რიცხვებში ჩანს, ეჭვქვეშ აყენებს წლების წინ ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგებს. მზარდი ბიუჯეტი, სახელფასო ფონდები და დასაქმებულ პირთა ოდენობა აჩვენებს, რომ ა(ა)იპ-ების ოპტიმიზაციით ბიუჯეტის დაზოგვა არ მომხდარა, რაც რეორგანიზაციის ერთ-ერთ მიზნად სახელდებოდა. 

 

კითხვები, რომლებიც ხშირად ისმის ა(ა)იპ-ების მისამართით

 

ა(ა)იპ-ების ოპტიმიზაციის და სახელმწმიფო აუდიტის დაკსვნის შემდეგ, ხშირად ისმის კრიტიკული კითხვები ა(ა)იპ-ების მისამართით.

- ა(ა)იპ-ების საქმიანობით მიღებული სარგებელი რამდენად შესაბამისობაშია საბიუჯეტო დანახარჯთან?

- რამდენად სწორად განისაზღვრება ა(ა)იპ-ების საკადრო პოლიტიკა და ხომ არ არის ის კონკრეტული პარტიის ინტერესებზე მორგებული?

- რას უნდა აკეთებდნენ რეალურად ა(ა)იპ-ები და რას აკეთებენ ისინი რეალურად?

 

სწორედ ამ კითხვებზე ობიექტური პასუხების გაცემას ისახავს მიზნად ევროპის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტი „ადვოკატირების კამპანია გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ების რეორგანიზაციისთვის“. პროექტი გორის სათემო რადიო „მოზაიკამ“ სახელმწიფო აუდიტის დასკვნასა და იმ არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებზე დაყრდნობით მოამზადა, რომლებიც ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობას აკვირდებიან.

 

„პროექტის მიზანია, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ურთიერთთანამშრომლობით, ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე მმართველობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა გორის მუნიციპალიტეტში. კერძოდ, პროექტის ამოცანებია, ხელი შეუწყოს, ჟურნალისტიკის საშუალებით, მმართველობის კუთხით არსებული პრობლემების და ბიუჯეტის არაეფექტური ხარჯვის შემთხვევების გამოაშკარავებას გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ებში და ხელი შეუწყოს იდენტიფიცრებული პრობლემების მოგვარებას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ადვოკატირების კამპანიების განხორციელებით“, - ამბობს პროექტის ხელმძღვანელი გვანცა დოლუაშვილი.

 

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალური ა(ა)იპ-ების რეორგანიზაციის სტრატეგიული ხედვის დოკუმენტის შემუშავებაც, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებას რეორგანიზაციის არამარტო საჭიროებას და არამედ ეფექტიან გზებსაც დაანახვებს.

 

Read 331 times Last modified on ოთხშაბათი, 17 თებერვალი 2021 14:05