Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 13 იანვარი 2020 13:30

გორელმა მამაკაცმა ტექნიკის მაღაზია 4-ჯერ გატეხა

Rate this item
(1 Vote)

გორში მცხოვრებმა, 20 წლამდე ასაკის მამაკაცმა ტექნიკის მაღაზიები 4-ჯერ გატეხა. გარდა ამისა, მას ბრალად ედება მანქანის გატეხვა და სხვისი პლასტიკური ბარათიდან თანხის უკანონოდ მითვისება. იგი პოლიციამ მე-6 ქურდობის შემდეგ დააკავა.


პროკურორმა გ.კ-მ ბრალდებულ ნ.დ-ს ქურდობის 6 ეპიზოდში დასდო ბრალი:

 

13 ივლისს, ღამით კარის დაზიანებით უკანონოდ შეაღწია გორში მდებარე ტექნიკის მაღაზიის ოფისში და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა 4 მობილურ ტელეფონს, რის შედეგად კომპანიას მიადგა 1856 ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი;

 

20 აგვისტოს, დაახლოებით 05 საათზე, ნ.დ-მ დაუდგენელ პირებთან წინასწარი შეთანხმებით, შუშის ჩამტვრევის გზით უკანონოდ შეაღწია ტექნიკის კიდევ ერთ მაღაზიაში და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა მობილურ ტელეფონებს, რის შედეგად კომპანიას მიადგა 6 498 ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი;

 

11 სექტემბერს, ღამით, კარის დაზიანების გზით უკანონოდ შეაღწია მაღაზიაში და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა შ.ა-ს და ა.ა-ს აქსესუარებსა და ვერცხლის სამკაულს, რის შედეგად შ.ა-ს მიადგა 1 015 ლარის, ხოლო ა.ა-ს - 2 000 ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი;

 

19 ნოემბერს, ღამით, ,,ტოიოტას“ მარკის ავტომობილიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა სხვის ნივთებს, ფულსა და ,,თიბისი ბანკის“ პლასტიკურ ბარათს, რის შედეგად ბარათის მფლობელს მიადგა 120 ლარის ოდენობით ქონებრივი ზიანი;

 

21 ნოემბრიდან 30 დეკემბრის ჩათვლით, მოპარული, მ.მ-ს ,,თიბისი ბანკის“ პლასტიკურ ბარათით უნებართვოდ შეაღწია მის კომპიუტერულ სისტემაში და მისი ანგარიშიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა თანხას, რის შედეგადაც დაზარალებულს მიადგა 1 800 ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი;

 

11 სექტემბერს, დაახლოებით 04 საათზე, ნ.დ-მ სხვა პირებთან წინასწარი შეთანხმებით, შუშის ჩამტვრევის გზით, უკანონოდ შეაღწია ტექნიკის მაღაზიაში და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა 14 მობილურ ტელეფონს, რის შედეგად კომპანიას მიადგა 8 910 ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

ბრალდებულის საქმე მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა განიხილა. მას ბრალდების ყველა ეპიზოდი აღიარა.

მოსამართლემ ბრალდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

Read 1363 times Last modified on ორშაბათი, 13 იანვარი 2020 13:34