Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 15 იანვარი 2020 13:14

აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა სოფელ ქვეშში ახალი სკოლა გახსნა

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ქვეშში რეაბილიტირებული საჯარო სკოლის გახსნის ღონისძიება მიმდინარეობს.

 

ცერემონიაში საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ელიზაბეთ რუდი, შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი და გორისა და ატენის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე ანდრია მონაწილეობენ.

 

გამყოფ ხაზთან მდებარე სკოლა 40 წლის წინ აშენდა, თუმცა დროთა განმავლობაში მწყობრიდან გამოვიდა და 2017 წელს ჭერი ჩამოინგრა. შესაბამისად, სასწავლო პროცესი შეწყდა. ორი წლის განმავლობაში ქვეშის საჯარო სკოლის 240-ზე მეტი მოსწავლე განათლებას სოფელ გარეჯვარის სკოლაში იღებდა. ქვეშის საჯარო სკოლის კაპიტალური რეაბილიტაციის სურვილი ამერიკის მთავრობამ გამოთქვა. სკოლის რეაბილიტაციისთვის 2 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტი დაიხარჯა.

 

ქვეშის ახლად რეაბილიტირებული სკოლა აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა შეკრებილ საზოგადოებას სკოლის გახსნა მიულოცა. მან ყურადღება გაამახვილა გამყოფი ხაზის სიახლოვეს განათლების სფეროს განვითარებაზე და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ მოუწოდა იმ შეზღუდვების მოხსნისკენ, რაც მოქალაქეების თავისუფლად გადაადგილებას უშლის ხელს.

 

განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მადლობა გადაუხადა ამერიკის მთავრობას გაწეული დახმარებისთვის და განაცხადა, რომ განათლებისთვის ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

გორისა და ატენის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ ქვეშის საჯარო სკოლას სიმბოლურად იაკობ გოგებაშვილის „დედაენის” ახალი გამოცემა გადასცა საჩუქრად.

 

ქვეშის საჯარო სკოლაში 248 მოსწავლე მიიღებს განათლებას.

Read 407 times