Back to Top
პარასკევი, 17 იანვარი 2020 14:27

მაღალსართულიანი კორპუსის „პატიმრები“ - ეტლით მოსარგებლეთა პრობლემა გორში

როგორია ცხოვრება, როცა ეტლით სარგებლობ და მაღალსართულიან კორპუსში ცხოვრობ. 

 

 

ვიქტორ ქარქიშვილი 28 წლისაა. ის გორში, ხუთსართულიან კორპუსში ცხოვრობს. სახლიდან დამოუკიდებლად გამოსვლას ვერ ახერხებს, რადგან მისი ბინის სადარბაზოში პანდუსები არ არის. ვიქტორს ამ მოცემულობის შეცვლა სურს - უნდა, რომ გადაადგილებაში მუდმივად სხვების დახმარება არ სჭირდებოდეს.

 

"წლების წინ ვიფიქრე, ხელისუფლებას ვთხოვ, იქნებ სადარბაზოში ლიფტი დააყენონ-მეთქი. ვფიქრობდი, ამხანაგობა მომეხმარება, ნაწილს მე და ჩემი მეზობლები დავდებთ, ნაწილს მერია მოგვცემს და სადარბაზოში ლიფტს დავაყენებთ-მეთქი, მაგრამ ვერ გამოვიდა ეგ ამბავი, რადგან საწყის ეტაპზე კორპუსისთვის ექპერტიზის ჩატარება მოითხოვეს, რომლითაც უნდა დადასტურებულიყო, რომ ლიფტის დაყენება შეიძლებოდა. მაგ ექპერტიზის გაკეთების საშუალება კი არ მქონდა", - გვითხრა ვიქტორმა. 

 

 

ქარქიშვილის მსგავსად, არაადაპტირებული საცხოვრებელი კორპუსი სირთულეებს სოსო ქუმელაშვილსაც უქმნის. როგორც სოსო გვეუბნება, წინა წლებთან შედარებით ქუჩებში უფრო მარტივად გადაადგილდება, თუმცა ბინიდან დამოუკიდებლად გამოსვლას მაინც ვერ ახერხებს.

 

"შენობების ადაპტირების საკითხი ჯერ ისევ გამოსასწორებელია, რადგან კორპუსები ძირითადად არაადაპტირებულია და რომელი შშმ პირებიც კორპუსში ცხოვრობენ, მათთვის ძალზედ გართულებულია გარეთ გამოსვლა“, - ამბობს სოსო ქუმელაშვილი.

 

ეტლით მოსარგებლეთა სურვილები და პრობლემები ნაცნობია ზვიად ზვიადაძისთვის. ის გორის მუნიციპალიტეტის მერიაში მუშაობს და თავადაც ეტლით სარგებლობს. როგორც ზვიადი რადიო "მოზაიკასთან" ამბობს, გორის მერთან კორპუსებში პანდუსების დამონტაჟების იდეაც გაჟღერდა.

 

„ქალაქის მერთან შშმ პირთა საკონსულტაციო საბჭოზე იყო საუბარი ამ თემებზე. გამოითქვა აზრი დაფინანსებაზე პანდუსების მოსაწყობად. თუნდაც საცდელად 10 ბენეფიციარისთვის რომ მოწყობილიყოი. მე ნამდვილად ვხედავ მზაობას მერიის სამსახურების მხრიდან ამ სახის პრიბლემების გადასაჭრელად“, - ამბობს ზვიად ზვიადაძე.

 

როგორ აპირებს ამ პრობლემის მოგვარებას გორის მერია? 

 

გორის მუნიციპალიტეტის მერიის განმარტებით, გორში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ადაპტირების თხოვნით, მათთვის აქამდე არავის მიუმართავს. უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ელზა მიქელაძე აცხადებს, რომ მერია მზად არის ასეთი თხოვნები თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში განიხილოს. 

 

„ამხანაგობის თანადაფინანსების პროგრამა საუკეთესო საშუალებაა პრივატიზებული საცხოვრებელი სახლების მცხოვრებთა დასახმარებლად. დადგენილი პირობების თანახმად, პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების ღირებულების 90%-ს გორის მერია აფინანსებს. მოსახლეობას პროექტის საერთო ღირებულების მხოლოდ 10%-ის დაფარვა უწევს. გარდა ამისა, თვითმმართველობა 100%-ით ფარავს ამხანაგობების სოციალურად დაუცველი წევრების ფინანსურ წილსაც“ - აცხადებს ელზა მიქელაძე.

 

მერიის ინფორმაციითვე, 2016 წელს გორში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ეტლით მოსარგებლე პირისთვის ლიფტი დამონტჟდა. რაც შეეხეა პანდუსებს, მაღალსართულიან კორპუსში მათი დამონტაჟების პრეცედენტი გორში ჯერ არ ყოფილა.

 

 

2018 წელს, გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, მუხიანის მესამე მ/რ-ის N8 კორპუსის III სადარბაზოს შესასვლელის ადაპტაცია განხორციელდა და ელექტროპანდუსი დამონტაჟდა. აღნიშნულ მისამართზე მცხოვრებ ერთ-ერთ ოჯახს ეტლით მოსარგებლე ორი მოსწავლე ჰყავს. კორპუსის ადაპტირების შემდეგ კი, მოზარდებს დამოუკიდებლად გადაადგილების შესაძლებლობა მიეცათ. აღნიშნული სამუშაოებისთვის თანხა გამგეობის ბიუჯეტიდან გამოიყო, 35 500 ლარის ოდენობით.

 

 

 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 537 times Last modified on პარასკევი, 17 იანვარი 2020 15:50