Print this page
პარასკევი, 17 იანვარი 2020 16:15

როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა სასურველ ადგილას საგზაო ნიშნის ან მონიშვნის გაკეთება გვსურს?

სკოლებთან, საბავშვო ბაღებთან თუ გზის სიახლოვეს მდებარე საცხოვრებელ კორპუსებთან, მოქალაქეები უსაფრთხო გადაადგილების მიზნით საგზაო მოძრაობის მოწესრიგებას ითხოვენ. არის ადგილები, სადაც არც საგზაო ნიშნებია განთავსებული, არც "ზებრა" გადასასვლელია დახაზული და არც ე.წ მწოლიარე პოლიციელი მოწყობილი. რადიო "მოზაიკამ" მასალა რამდენიმე ასეთი ადგილის შესახებ უკვე მოამზადა.

ჩვენთან საუბარში მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები ამბობდნენ, რომ სასურველ ადგილას უსაფრთხოების ზომების მიღება მოზარდთა დაცვის მიზნით სურდათ.

 

რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ კონკრეტულ ადგილას საგზაო ნიშანი ან მონიშვნა გაკეთდეს? - ამ კითხვით რადიო "მოზაიკამ" გორის მერიას მიმართა. 

 

გორის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ მსგავსი სურვილის შემთხვევაში მოქალაქეებმა წერილობით უნდა მიმართონ.


“იმისათვის, რომ ზებრა გადასასვლელი, მწოლიარე პოლიციელი ან სხვა რომელიმე საგზაო ნიშნის განთავსება მოხდეს, წერილი იწერება მერის სახელზე. იქ უნდა იყოს განმარტებული სად ითხოვენ, რატომ ითხოვენ და რატომ დადგა ამის საჭიროება დღის წესრიგში. ერთი ადამიანი წერს და თუ ხელმომწერებიც ჰყავს და მეტ ადამიანს უნდა ეს უფრო მეტადაა გათვალისწინებული“, - გვითხრეს მერიაში.

 

მას შემდეგ, რაც მერის სახელზე დაიწერება მოთხოვნა შესაბამისი სამსახური საპატრულო პოლიციასთან ერთად, სწავლობს საკითხს, წარმოადგენს თუ არა აუცილებლობას სიჩქარის შემაკავებელი ნიშნის განთავსება.


“არსებობს კრიტერიუმები, სად შეიძლება ან არ შეიძლება "ზებრა" გადასასვლელი. შემდეგ უკვე გადაეწერება ტრანსპორტის განყოფილებას. ეს სამსახური საპატრულო პოლიციასთან ერთად ადგილზე სწავლობს, არის თუ არა აუცილებელი იმ ადგილას დაიხაზოს "ზებრა" ან დადგეს მწოლიარე პოლიციელი. თუ გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს, შესაძლებელია საპატრულო პოლიციის გასვლა არც დაჭირდეს და ისე მიიღოს გადაწყვეტილება შესაბამისმა სამსახურმა“, -
განაცხადეს გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციაში.

 

ინფორმაციისთვის, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერის საჯარო სკოლა ერთ - ერთია, რომელიც სკოლის ტერიტორიაზე, უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, სიჩქარის შემაკავებელი ნიშნის განთავსებას ითხოვს. სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ამბობენ, რომ გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტი საფრთეს უქმნის მოსწავლეებს და შესაბამისი ზომების მიღებაა სააჭირო.

 

 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 518 times Last modified on პარასკევი, 17 იანვარი 2020 16:32