Back to Top
შაბათი, 24 მარტი 2018 15:37

არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს

Rate this item
(0 votes)

არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სამხედრო პატივით, დაკრძალეს. ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი და მთავრობის წევრები დაესწრნენ.

დილიდან სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა წეროვანში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, სადაც ტატუნაშვილის ოჯახს საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმაც მიუსამძიმრა. სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ მინისტრები, პარლამენტის წევრები, თბილისის მერი და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.

ამავე თემაზე: არჩილ ტატუნაშვილის მამა: ძმათა სასაფლაოზე დაკრძალვა ჩემი შვილის ანდერძია

მანამდე 35 წლის არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი წილკანში, მშობლიურ სახლში იყო დასვენებული. გუშინ გარდაცვლილის ოჯახს გორის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს და შიდა ქართლის გუბერნიის წარმომადგენლებმაც მიუსამძიმრეს. 

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს საოკუპაციო რეჟიმმა ლევან ქუტაშვილთან და იოსებ პავლიაშვილთან ერთად ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს ოსურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ცხედრის გადმოსვენება 26 დღის შემდეგ „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ ჩართულობით მოხდა. ცხედარი ქართულ მხარეს ერგნეთის საგუშაგოზე გადასცეს. 

ქართველი ექსპერტებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილი ნაწამებია. ექსპერტიზის საბოლოო პასუხი დახლოებით ორ კვირაში გახდება ცნობილი.

საქართველოს პარლამენტმა 21 მარტს რეზოლუცია "ოთხოზორია - ტატუნაშვილის სია" მიიღო, რომლითაც საქართველოს მთავრობა მომხდარზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს. 

 

Read 3029 times Last modified on შაბათი, 24 მარტი 2018 16:21