Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 23 მარტი 2020 16:38

ცხოვრება სოფელში საგანგებო მდგომარეობის და საგაზაფხულო სამუშაოების ფონზე

Rate this item
(0 votes)

კორონავირუსის გავრცელებამ შეცვალა ადამიანების ცხოვრება. ცვლილებები დაეტყო სოფლებსაც. დაცარიელდა თავშეყრის ადგილები და უბნები. 

 

სოფელ ატენში ახლა ცარიელია ის ადგილი, სადაც თანასოფლებები იკრიბებოდნენ და დროს ერთმაენთთან ატარებდნენ. საკუთარი ეზოს გარეთ ადამიანები მხოლოდ საჭირო პროდუქტების შესაძენად თუ გამოდიან. ერიდებიან ერთმანეთთან ახლო ურთიერთობას და შემთხვევით შეხვდერის დროსაც, ერთმანეთის ამბებს შორიდან კითხულობენ.

 

"სოფელში ასეთი სიჩუმე არ მახსოვს. ხალხი მაქსიმალურად იკავებს თავს სოფლის თავშეყრის ადგილებში ყოფნისგან. არადა, შაბათ-კვირა და საღამოს საათებში უბნებში ყოველთვის ხალხმრავლობა იყო", - ამბობენ ადგილობრივები.

 

განსაკუთრებულ სიფრთხილეს ისინი იჩენენ, ვისაც მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავთ. როგორც მშობლები ამბობენ, ბავშვების გარეთ გაშვებასაც ერიდებიან.

 

"ვირუსამდე სოფლის უბნები ბავშვებით იყო ხოლმე სავსე. ახლა რამდენიმე წუთით თუ მოკრავთ თვალს ეზოში სათამაშოდ გამოშვებულ პატარას. შეწყდა მეზობელთან სტუმრობებიც. ვუფრთხილდებით ერთმანეთს, ან მე არ მივუტანო ვირუსი, ან მას არ ჰქონდეს. ამ მდგომარეობას ვიაზრებთ და ვრჩებით თვითიზოლაციაში“, - ამბობენ მშობლები.

 

სოფელში შეიზღუდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებაც. ამ გადაწყვეტილებამ თავისთავად შეამცირა მოქალაქეების მიმოსვლა სხვა სოფლებსა და ქალაქებში.

 

 

სოფლად მცხოვრებლები ახლა დიდწილად სასოფლო სამუშაოებით არიან დაკავებულები.

 

"სამსახურებში აღარ დადიან და რჩებიან სახლში. ახლა სოფლებში ნაკვეთების დასუფთავების დროა, უნდა გასხლა ხეხილი, ვაზი, შეწამლო, ამაზე უარს მაინც არ ვამბობთ, გავდივართ და ვამუშავებთ", - ამბობენ ადგილობრივები.

 

სოფელ ატენში ჩვეულ რეჟიმში მუშაობს სუპერმარკეტები. როგორც მენეჯერები ამბობენ, მათ ფილიალებში პროდუქტის მომარაგების პრობლემა არ არის.

 

ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას სოფლის ამბულატორია და აფთიაქი.

Read 423 times Last modified on ორშაბათი, 23 მარტი 2020 16:46