Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 29 მაისი 2020 16:38

რუსული ოკუპაცია, პანდემია და საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები

Rate this item
(0 votes)

"მაშინ, როცა მთელი მსოფლიო კორონავირუსის (Covid-19) გლობალური პანდემიის მძიმე შედეგებს ებრძვის, რუსეთის საოკუპაციო ძალები ააქტიურებენ მავთულხლართების, ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერებისა და ე.წ. ცეცხლსაწინააღმდეგო ხნულების გავლებას ორივე ოკუპირებული ტერიტორიის - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მიმართულებით", - ეს არის ამონარიდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებიდან, რომელშიც ბოლო პერიოდში უკანონო ბორდერიზაციის გააქტიურებაზეა საუბარი.

 

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს პროვოკაციები და ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ, პატივი სცეს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს, დაიწყოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების იმპლემენტაცია და გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან.

 

გორის მუნიციპალიტეტში ბოლო ფაქტი მერეთის თემში დაფიქსრიდა, სადაც ადგილობრივებმა საოკუპაციო ძალების გადაადგილენა შენიშნეს. ფაქტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც დაადასტურა და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევის შესახებ საქმის კურსში უკვე ჩააყენეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

 

რუსული ოკუპაცია covid19 -მაც რომ ვერ შეაჩერა, ამაზე საერთაშორისო პარტნიორებიც ღიად საუბრობენ და კრემლს მოუწოდებს შეწყვიტოს უკანონო ბორედერიზაცია საქართველოს ტერიტორიაზე.

 

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის უკანონო ნაბიჯებთან დაკავშირებით იმსჯელეს გუშინ ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქართულმა მხარემ მუდმივი საბჭოს წევრებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ბოლო ორი თვის განმავლობაში რუსეთის ფედერაციის მიერ გახშირებული პროვოკაციების შესახებ.

 

დელეგაციებმა შეშფოთება გამოთქვეს უკანონო ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით და მოითხოვეს მისი დაუყოვნებელი შეჩერება.

 

"აშშ გმობს რუსეთის მიერ კონტროლირებადი უსაფრთხოების ძალების მიერ მიმდინარე „ბორდერიზაციის“ პროცესს. ჩვენ კვლავ მოვითხოვთ, რომ რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია შეწყვიტოს, შეასრულოს 2008 წლის ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები და დაუშვას საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი მიწოდება”, - აღნიშნულია მორგან ორტაგუსის განცხადებაში.

 

აშშ-ს ელჩთან ერთად, მუდმივი საბჭოს სხდომის ფარგლებში, საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს კანადის, ნორვეგიის, ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის წარმომადგენლებმა. გამომსვლელებმა ერთხმად დაადასტურეს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

Read 213 times