საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ. ადგილობრივების თქმით, პრაქტიკულად უწყლოდ არიან.
"ჯერ ძალიან ცოტა მოდის, ჭურჭელში ვაგროვებთ, მაგრამ ისიც უვარგისია. მღვრიე წყალია და ალბათ ათასი ბაქტერიითაა სავსე. ხუთი წლის განმავლობაში მოუგვარებელი იყო სასმელი წყლის პრობლემა. ახლა ზოგი ყიდულობს წყალს, ზოგიც წვიმას ელოდება და შემდეგ ფილტრავს", - ამბობს ლუდა სალია.
მერის წარმომადგენელმა შავშვების ადმინისტრაციულ ერთეულში, როინ ადიკაშვილმა რადიო "მოზაიკას" უთხრა, რომ წყლის ჭაბურღილი რამდენიმე დღის წინ გაიწმინდა და წყლის დაწმენდას დრო სჭირდება.
ამავე თემაზე: ხურვალეთს მღვრიე და დაბინძურებული წყალი მიეწოდება - ფოტო
"ორი დღის წინ გაიწმინდა ჭაბურღილი და ჯერ დრო სჭირდება, ეგრევე სუფთა წყალი ვერ წამოვა. ასე იცის ხოლმე თავიდან. ჯერ არც მრიცხველების ჩვენებები აუღიათ და გადასახადის დაანგარიშება არ მომხდარა", - გვითხრა როინ ადიკაშვილმა.