Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 08 ივლისი 2020 16:38

ხუბულური: მოსახლეობას დავპირდი, რომ გორში სპორტკომპლექსი აშენდებოდა და შევასრულე

Rate this item
(0 votes)

"2016 წელს ჩემი ერთ-ერთი დაპირება იყო, რომ გორში სპორტკომპლექსი აშენდებოდა და აშენდა", -ეს განცხადება რადიო"მოზაიკასთან" გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა თენგიზ ხუბულურმა გააკეთა.

 

რაც შეეხება ხარვეზებს, რის გამოც ობიექტი 3 წლის განმავლობაში ვერ გაიხსნა, პარლამენტარი ამბობს, რომ ეს მას აღარ ეხება და იმედი აქვს, რომ კომპლექსი ფუნქციონირებას მალე დაიწყებს.

 

"რომ არ ფუნქციონირებს ეს ხომ ჩემი ბრალი არ არის? მე დავპირდი მოსახლეობას, რომ გორის თანამედროვე სტანდარტების მქონე სპორტკომპლექსი ექნებოდა და შევასრულე. ეს საკითხი ჩემი დაყენებული იყო პარლამეტნში, კომიტეტის სხდომაზე. გაიარა ყველა საჭირო პროცედურა და გორში აშენდა მშვენიერი სპორტის სასახლე. თუ რამე პატარა ხარვეზია, მომავალში ალბათ გამოსწორდება", - გვითხრა ხუბულურმა

 

გორში მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კანადური კომპანია „ბეჰლენ ინდასთრი“ ასრულებდა.

 

ამ კომპანიასთან მაშინდელმა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შპს „სპორტმშენსერვისმა“ ხელშეკრულება 2016 წლის 4 ოქტომბერს გააფორმა, რომლის მიხედვითაც ობიექტი სამინისტროს 2017 წლის 31 აგვისტოს უნდა ჩაბარებოდა, თუმცა ობიექტი ამ დრომდე უფუნქციოა და არ გახსნილა. ტენდერში გამარჯვებული კომპანია კი დამკვეთ უწყებას ლონდონის სასამართლოში უჩივის.

Read 296 times