Back to Top
სამშაბათი, 15 სექტემბერი 2020 21:07

გორში, 18 წლის ბიჭის ცემისთვის დაკავებულს ბრალი არ დაუმძიმდა

Rate this item
(0 votes)

ე.თ, რომელიც 3 თვის წინ გორში, ერთ-ერთი რესტორნის წინ სცემეს, დღეს დაკრძალეს.


19 წლის ბიჭის დაკრძალვის პარალელურად, გორის რაიონულ სასამართლოში, მისი ცემისთვის დაკავებული, გორელი ბიზნესმენის შვილის თ.კ-ს სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა.

დაუმძიმდებოდა თუ არა ბრალი თ.კ-ს დაზარალებულის გარდაცვალების შემდეგ - ეს იყო ძირითადი შეკითხვა, რომელიც სასამართლო პროცესის დაწყებამდე არსებობდა, თუმცა როგორც ბრალდებულის ადვოკატმა, ლანა ცერცვაძემ განმარტა, ბრალის დამძიმება ვერ მოხდება, რადგან ე.თ-ს გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, შსს-ს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-6 რაიონული სამმართველოს განყოფილებამ სხვა გამოძიება დაიწყო, რომელიც არ უკავშირდება მის დაცვის ქვეშ მყოფს.

"19 წლის ბიჭის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. ჩემი დაცვის ქვეს მყოფს კი, გამოძიება 117-ე მუხლს ედავება. ე.თ-ს გარდაცვალება არ არის დაკავშირებული ამ საქმესთან, რადგან როგორც ექიმები ამბობენ, მისი გარდაცვალება არ გამოუწვევია თავდაპირველ ტრავმებს" , - განმარტა ლანა ცერცვაძემ.

მისივე განმარტებით, არსებობს პრეცედენტები, როცა სისხლის სამართლის ორი საქმე გაერთიანებულა. აქედან გამომდინარე, მისი ვარაუდით, თუ დადგინდება, რომ ე.თ-ს გარდაცვალება დაკავშირებულია ივნისში მიღებულ ტრავმებთან, შესაძლოა ამ შემთხვევაშიც გაერთიანდეს ეს ორი საქმე.

ბრალდებული თ.კ დუმილის უფლებას იყენებს, მისი ადვოკატი კი, თვლის, რომ საქმეზე აუცილებლად გამამართლებელი განაჩენი დადგება, თუმცა პროკურორი გიორგი კრავეიშვილი დარწმუნებულია, რომ თ.კ დამნაშავეა.

"საქმეში უამრავი მოწმის ჩვენებაა, რომელიც თ.კ-ს დანაშაულში დაგვარწმუნებს. მისი საწინააღმდეგო ჩვენებები მისცეს იმ რესტორნის თანამშრომლებმაც, რომლის მიმდებარედაც, ეს შემთხვევა მოხდა, გარდა ამისა, არის სხვა მტკიცებულებებიც" , - აცხადებს გიორგი კრავეიშვილი.

მოსამართლე გოგა კუპრეიშვილმა წარმოდგენილი მტკიცებულებები დასაშვებად ცნო, თუმცა ადვოკატმა კრავეიშვილის მიერ, ჩამოთვლილი მტკიცებულებები სადაოდ მიიჩნია, აქედან გამომდინარე, სასამართლო ყველა მტკიცებულებას გამოიკვლევს, რაც იმას ნიშნავს, რომ დაიკითხება 108 მოწმე, რომელიც პროკურორმა ჩამოთვალა.

"ე.თ--ს გარდაცვალება ყველასთვის მოულოდნელი იყო, რადგან ექიმები მანამდე ამბობდნენ, რომ მისი მკურნალობა ბინის პირობებშიც შეიძლებოდა, იგი სარეაბილიტაციო ცენტრში იყო გადაყვანილი და მოულოდნელად დამძიმდა" , - აღნიშნა მოსამართლე გოგა კუპრეიშვილმა პროცესის დასასრულს.

შემდეგი პროცესი 28 სექტემბრისთვის დაინიშნა.

Read 195 times