Back to Top
სამშაბათი, 01 დეკემბერი 2020 13:58

საარჩევნო პერიოდში, გორიდან პარტიებს მოქალაქეებმა ნახევარ მილიონზე მეტი შესწირეს

გორიდან, 2020 წლის 1-ლი სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, პოლიტიკურ პარტიებს 527 960 ლარი შესწირეს. ამ პერიოდში, ქვეყანაში გაიმართა საპარლამენტო არჩევნების პირველი და მეორე ტურები.

 

 

შემოწირულობების თვალსაზრისით, ყველაზე "დატვირთული" იყო ოქტომბრის თვე. მმართველმა პარტიამ სწორედ ამ თვეში მიიღო შემოწირულობები. "ქართულ ოცნებას" ოქტომბერში 19-მა გორელმა 303 000 ლარი შესწირა.

 

 

კანონით დადგენილი შემოწირულობის მაქსიმალური თანხა - 60 000 ლარი, "ქართულ ოცნებას" 3-მა გორელმა: გიორგი ხუციშვილმა, ზაზა კიკაბიძემ და რობიზონ დავითაშვილმა შესწირეს. 

 

ყველაზე მეტი თანხა ამ პერიოდში "ქართულმა ოცნებამ" მიიღო. შეწირული თანხის ოდენობების მიხედვით, მეორე ადგილზე არის "ლელო საქართველოსთვის". პარტიამ სექტემბერი-ნოემბრის პერიოდში 119 118 ლარი მიიღო. შემომწირველებს შორის არის, პარლამენტის ყოფილი წევრი სოსო ვახტანგაშვილი. მან "ლელოს" ჯამში, 3 200 ლარი შესწირა.

 

 

 

ყველაზე ცოტა შემოწირულობა "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" მიიღო. პარტიას 4-მა შემომწირველმა 18 650 ლარი შესწირა, რომელთა შორის არიან გორის საკრებულოს წევრები: ბექა ქორჩილავა და ვასილისა ჯაბახიძე.

 

 

"ქართულმა ოცნებამ" იმაზე მეტი თანხა მიიღო, ვიდრე ოპოზიციამ ჯამში ერთად. "ლელოს", "პატრიოტთა ალიანსს", "ევროპულ საქართველოს" და "ენმ"-ს გორელებმა 224 960 ლარი შესწირეს, მმართველ პარტიას კი, 303 000.