Back to Top
ოთხშაბათი, 02 დეკემბერი 2020 13:35

„ევროპული საქართველოს“ წევრებზე თავდასხმაში ბრალდებულები სასამართლომ შენიშვნის სანაცვლოდ გაათავისუფლა

პარტია "ევროპული საქართველოს" წევრებსა და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბნის მოსახლეებს შორის, წინასაარჩევნო პერიოდში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოძიება დასრულდა.

 

 

პარტიის გორის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლის ეთერ ჯალაღანიას ინფორმაციით, იგი გამოკითხვაზე ინციდენტის შემდეგ, მე-3 დღეს იყო მისული.

 

"საბოლოოდ, ინციდენტში მონაწილე პირები წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით გასამართლდნენ. მოსამართლემ ისინი შენიშვნის სანაცვლოდ გაათავისუფლა. არც მე მინდოდა, რომ ახალგაზრდების მომავალი ვიღაც ხოჯევანიშვილის გამო გაფუჭებულიყო. ვფიქრობ, რომ მათთვის ჭკუის სასწავლებელი იქნება მომხდარი. გამოძიებასთან შენიშვნები არ მაქვს", - აცხადებს ეთერ ჯალაღანია.

 

რა მოხდა?

 

გორის მუნიციპალიტეტში ინციდენტი 16 ოქტომბერს მოხდა, რაშიც „ევროპული საქართველოსა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ერთმანეთს ადანაშაულებდნენ.

 

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ კარდაკარის დროს მათ წარმომადგენლებს თავს დაესხნენ. ჯალაღანია აცხადებდა, რომ მათი პარტიის კანდიდატის პლაკატებზე სხვა პარტიის პლაკატები იყო გადაკრული, რის გადაღებასაც ცდილობდა, რა დროსაც, რამდენიმე ნასვამი ახალგაზრდა დაესხა თავს.

 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, გორისა და კასპის ოლქში „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი, ლევან თარხნიშვილის თქმით, მომხდარი ფაქტი იყო მიზანმიმართული პროვოკაცია, რაშიც „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებდა.

 

                                            

 

ოპოზიციის ბრალდებასთან დაკავშირებით კომენტარი იმ დღესვე გაკეთდა „ქართულ ოცნებაში“. რეგიონული ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი მიხეილ გოგინაშვილი აცხადებდა, რომ ახალუბანში „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები „ქართული ოცნების“ კანდიდატის პლაკატებს ხევდნენ, მოსახლეობისგან შენიშვნის შემდეგ კი, მათი ერთ-ერთი წარმომადგენელი ცეცხლსასროლი იარაღით დაიმუქრა.

 

  

ინციდენტთან დაკავშირებით, თავდაპირველად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო.