Back to Top
სამშაბათი, 08 დეკემბერი 2020 19:48

კავშირი ხოჯევანიშვილს, გორში მიმდინარე მშენებლობასა და "ოცნების" შემოწირულობებს შორის

ხოჯევანიშვილთან დაახლოებულმა პირმა „ქართულ ოცნებას“ საარჩევნოდ 20 000 ლარი შესწირა.

 

 

გიორგი ჯამელაშვილმა „ქართულ ოცნებას“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 20 000 ლარი შესწირა. გადარიცხვა 2020 წლის 2 ოქტომბერსაა შესრულებული.

 

 

 

გიორგი ჯამელაშვილი სამეწარმეო საქმიანობაში არ ფიქსირდება. აღმოჩნდა, რომ გორში მდებარე ყოფილი კინოთეატრის მეპატრონე გიორგი ჩაჩანიძე და ჯამელაშვილი ერთ მისამართზე არიან რეგისტრირებულები. მათ შორის არის ნათესაური კავშირი, კერძოდ, ჯამელაშვილი და ჩაჩანიძე ბიძაშვილ-მამიდაშვილები არიან. ჯამელაშვილის მამა - გივი ჯამელაშვილი, რომელიც ამავე მისამართზეა რეგისტრირებული, სავაჭრო ცენტრის მშენებლობას უწევს მეთვალყურეობას და აცხადებს, რომ მის დისშვილს, გიორგი ჩაჩანიძეს ეხმარება.

 

აღსანიშნავია, რომ მათ საკუთრებაში არსებულ, ყოფილი კინოთეატრის შენობის ადგილზე, სავაჭრო ცენტრი შენდება. 

 

როგორც მიმდინარე წლის ზაფხულში გორის მერმა განაცხადა, სავაჭრო ცენტრის მშენებლობის ნებართვა ჩაჩანიძეს ძეგლთა დაცვის სამინისტრომ მისცა, შენობის ისტორიული ფასადის შენარჩუნების პირობით.

 

გორის სავაჭრო ცენტრის მფლობელობამდე გიორგი ჩაჩანიძე რუსეთში მოღვაწეობდა, ის პარალელურად შპს "არგო თრეველსს" სომხეთის მოქალაქე კონსტანტინე ბარბაქაძესთან ერთად ხელმძღვანელობს.

 

 

 

კავშირები ხოჯევანიშვილს, ჯამელაშვილს და ჩაჩანიძეს შორის

 

ჯამელაშვილმა ხოჯევანიშვილებთან ახლო ურთიერთობა მედიასთან დაადასტურა. მათ შორის კავშირი საჯარო რეესტრის მონაცემებშიც ფიქსირდება. 

 

 

 

2010 წლის დეკემბერში, ხოჯევანიშვილების მამა ნუგზარ ხოჯევანიშვილი საჯარო რეესტრს გორში, სამეფო ქუჩის #70-ში მდებარე უძრავი ქონების ამონაწერის მომზადებას ითხოვდა, რომელიც ამ დროისთვის უკვე ჩაჩანიძეს ეკუთვნის.

 

ნუგზარ ხოჯევანიშვილი საჯარო რეესტრში ჩაჩანიძის უძრავი ქონების საბუთებში 2011 და 2012 წლებშიც ფიგურირებს. 

 

სამეფო ქუჩა N70-ში განსახორციელებელ პროექტზე გორის მერმა აქტიური საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც გიორგი ხოჯევანიშვილი გუბერნატორად დაინიშნა. 2018 წელს კონტანტინე თავზარაშვილმა რადიო "მოზაიკას" განუცხადა, რომ ამ ტერიტორიაზე გასართობი ცენტრი უნდა აშენებულიყო.

 

ამავე თემაზე: გორში გასართობი ცენტრი გაიხსნება

 

 

ხოჯევანიშვილის ინტერესებზე სამეფო ქუჩის №70-ში არსებული ყოფილი კინოთეატრის შენობასთან დაკავშირებით, საუბრობდნენ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გორის ოფისშიც. ისინი ამბობდნენ, რომ აღნიშნულ შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მოეხსნა, თუმცა ამ ფაქტს სამინისტროში უარყოფენ.

 

ამავე თემაზე: ენმ: ხოჯევანიშვილები სავაჭრო ცენტრს ხსნიან ობიექტზე, რომელსაც ძეგლის სტატუსი მოუხსნეს