Back to Top
ოთხშაბათი, 09 დეკემბერი 2020 14:24

"ქართული ოცნება“ შიდა ქართლში გუბერნატორს მეოთხედ ცვლის

მომავალი წლისთვის შიდა ქართლში ახალ გუბერნატორს დანიშნავენ.

 

ჯერჯერობით უცნობი პოლიტიკური თანამდებობის პირი "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში, რეგიონისთვის რიგით მე-5 გუბერნატორი იქნება. მას შემდეგ რაც ყოფილმა გუბერნატორმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა საპარლამენტო არჩევნებზე კენჭისყრა გადაწყვიტა, გუბერნატორის მოვალეობას ამ დრომდე მისი მოადგილე, სიმონ გულედანი ასრულებს. გიორგი ხოჯევანიშვილი მმართველმა გუნდმა აღნიშნულ პოზიციაზე 2018 წლის აგვისტოში დანიშნა. ეს თანამდებობა გუბერნატორების ხშირი ცვლილების გამო, ბოლო 8 წელში ვაკანტური არაერთხელ გახდა. 

 

ხოჯევანიშვილამდე ეს ადგილი სამცხე-ჯავახეთის ყოფილ გუბერნატორს, აკაკი მაჭუტაძეს ეკავა, რომელმაც პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა მალევე დატოვა. შიდა ქართლის გუბერნატორი ის სულ 4 თვე იყო. 

 

მაჭუტაძემდე, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პოზიცია კახა სამხარაძეს ეკავა. სამცხე-ჯავახეთსა და მცხეთა-მთიანეთში პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ რეგიონული კურატორი ამ თანამდებობაზე 2017 წლის თებერვალში დაინიშნა და 2018 წლის მარტამდე მუშაობდა.

 

სამხარაძესთან შედარებით ოდნავ ნაკლები დროით მოუწია შიდა ქართლის გუბერნატორობა ბანკი „ქართუს“ გორის ფილიალის ყოფილ ხელმძღვანელს ზურა რუსიშვილს.

 

ის "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შიდა ქართლის პირველი გუბერნატორი იყო. ეს პოზიცია მან 2012 წლის დეკემბრში დაიკავა, რომელიც 2016 წლის გაზაფხულზე საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. გასულ წელს კი ის გორის სამხედრო ჰოსპიტალის გენერალურ მენეჯერად დაინიშნა.