Back to Top
პარასკევი, 11 სექტემბერი 2020 21:29

„ევროპული საქართველო“ „ქართულ ოცნებას“ ზეწოლაში ადანაშაულებს - ურთიერთპასუხები

შალვა ქვრივიშვილი ომის ვეტერანია, რომელსაც სოციალური დახმარება 3 წლის წინ მოუხსნეს. უმუშევარია. იგი „ევროპული საქართველოს“ მხარდამჭერია. ცხოვრობს სახლში, რომელიც ავარიულ მდგომარეობაშია. როგორც პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან თარხნიშვილი ამტკიცებს, მას „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დაემუქრნენ.

 

 

„ჩვენი პრეზენტაციიდან დაბრუნებულ ბატონ შალვას მიუგზავნეს თავისი ახლობელი და უთხრეს, რომ ადამიანებს რომ კრებს, აგიტაციას რომ აკეთებს, არ ეშინია რამე რომ მოიწიოს. გაუგებარია, რა უნდა მოიწიოს ამ პატიოსანმა ადამიანმა, რომელსაც თავისი შრომით აქვს ყველაფრისთვის მიღწეული. იბრძოდა საქართველოსთვის ყველა ფრონტზე. არის უმუშევარი და იღებს მხოლოდ ვეტერანის კაპიკებს, შესაბამისად, გაუგებარია რა უნდა დააკარგინოს „ქართულმა ოცნებამ“ დამატებით?“, - აცხადებს ლევან თარხნიშვილი.

 

ოპოზიციური პარტია მუქარის ერთ-ერთ ავტორად გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრ ივანე ნონიკაშვილს ასახელებს. თავის მხრივ, ნონიკაშვილი კატეგორიულად უარყოფს ბრალდებას და ამბობს, რომ პირად საუბრებში თავად შალვა ქვრივიშვილმა უარყო მუქარის ამბავი და უთხრა, რომ „შეცდომა მოუვიდათ“.

 

„სრული სიცრუეა, არანაირ მუქარას ადგილი არ ჰქონია, არავის არ დავმუქრებივარ, მით უმეტეს, ჩემს სტილში საერთოდ არ ჯდება მუქარა და ეგეთები. რაღაც გამოიგონეს და რაში სჭირდებოდათ ამის მოგონება, მაგასაც ვერ ვხვდები. შევხვდი შალვასაც და ბოდიშივით გამოუვიდა, შეცდომა მოგვივიდაო“, - განმარტა ივანე ნონიკაშვილმა.

 

როგორც თარხნიშვილი ამბობს, ნონიკაშვილის რეაქცია მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან მმართველი პარტიისგან და მისი წარმომადგენლებისგან ტყუილებს მიჩვეულია.

 

„ბევრად უფრო მეტად მჯერა ბატონი შალვა ქვრივიშვილის, ჩვენი წარმომადგენლის, რომელსაც არავითარი წინაპირობა არ აქვს იმისთვის, რომ ტყუილი თქვას. როგორც ბატონი შალვა არ დაშინდა და გააგრძელებს თავის საქმიანობას, ასევე გააგრძელებს თავის საქმიანობას ყველა ჩვენი აქტივისტი. ნონიკაშვილებს და მისნაირებს მოვუწოდებ არ ჩაყვნენ ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკურ სამარეში. მოეგონ გონს და დაკავდნენ პატიოსანი კონკურენციით“, - განაცხადა თარხნიშვილმა.

 

მისივე ინფორმაციით, პარტიას კომუნიკაცია ჰქონდა არასამთავრობო სექტორთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. იგი არ გამორიცხავს, რომ აღნიშნულ ფაქტზე სამართლებრივი დავა დაიწყონ.