Back to Top
ხუთშაბათი, 24 სექტემბერი 2020 16:54

ერგნეთის ბაზარი - „ოცნების“ შეუსრულებელ დაპირებას ახლა „ლელო“ აჟღერებს

ერგნეთის ბაზრის აღდგენის საკითხმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინაც გაიჟღერა. ამჯერად, ბაზრის აღდგენის თემა პარტიამ "ლელო საქართველოსთვის" წამოწია.

 

გორი - კასპის მაჟორიტარულ ოლქში "ლელოს" კანდიდატმა, პაპუნა კობერიძემ განაცხადა, რომ ერგნეთის ბაზრის თემა ქართველებსა და ოსებს შორის ურთიერთობის აღსადგენად მნიშვნელოვანია. მისი თქმით, "ლელო“არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ამ იდეას განახორციელებს.

 

"ძალიან მნიშვნელოვანია მამუკა ხაზარაძის მიერ გაჟღერებული საკითხი, რომელიც ეხება ერგნეთის ბაზრობას, რომელიც აუცილებლად უნდა აღდგეს. ეს როგორ იქნება, ამაზე სპეციალისტები ჩამოყალიბდებიან. თავისუფალი ეკონომიკური ზონა იქნება თუ რა იქნება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხი, რადგან ჩვენი ოსი თანამოძმეები უნდა დავიბრუნოთ სწორედ ამ ეკონომიკის და სავაჭრო ურთიერთობების აღდგენის გზით", - აცხადებს პაპუნა კობერიძე.

 

 

ერგნეთის ბაზრობის აღდგენის საკითხი თავდაპირველად 2012 წლის ივლისში "ქართული ოცნების" ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა გააჟღერა და წინასაარჩევნო პერიოდში გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ბაზრის აღდგენის პირობა მისცა. გორში გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ერგნეთის ბაზრობის დახურვა ხელისუფლების უგუნური პოლიტიკის შედეგი იყო.

 

 

ეს დაპირება ბიძინა ივანიშვილს 4 წლის შემდეგ რადიო „მოზაიკას“ ჟურნალისტმა შეახსენა, თუმცა 2016 წელს "ოცნების" ლიდერმა თქვა, რომ ეს გეგმა კანონთან წინააღმდეგობაში მოვიდა და ამიტომ ვერ მოხდა ამ დაპირების შესრულება.

 

შეუსრულებელ დაპირებაზე საუბარი ამჯერად რადიო "მოზაიკასთან" გიორგი ხოჯევანიშვილს მოუწია. "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი ამბობს, რომ თუ ეს საკითხი დღის წესრიგში კვლავ დადგება, ეცდება ის კანონის ფარგლებში მოაგვაროს.

 

"ეს არ არის ის საკითხი, რაზეც მე შემიძლია გითხრათ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში გამართული შეხვედრების დროს მისაუბრია. თუმცა, რა თქმა უნდა, თუ იქნება რაიმე მსგავსი პროექტის განხორციელების საშუალება კანონის ფარგლებში, მერე შეიძლება ვიფიქრო", - აღნიშნა გიროგი ხოჯევანიშვილმა.

 

 

ერგნეთის ბაზრობა, რომელიც აღურიცხავი საქონლის შემოტანის ერთ-ერთი წყარო იყო, 2004 წელს საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების გადაწყვეტილებით დაიხურა. მას შემდეგ არჩევნების მოახლოებისას, პოლიტიკური პარტიების ნაწილი ამ საკითხზე საუბარს იწყებს და ამომრჩეველს მის აღდგენას პირდება.