Back to Top
პარასკევი, 25 სექტემბერი 2020 17:01

„გაპარტახებული და ნარკოტიკების ბუდედ ქცეული“ - თარხნიშვილი არცევის საბავშვო ბაღზე

გორი-კასპის გაერთიანებულ ოლქში, პარტია  „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან თარხნიშვილი სოციალურ ქსელში  სოფელ ქვემო არცევის საბავშვო ბაღის ყოფილი შენობიდან მიმართვას ავრცელებს. მისი სიტყვებით, აღნიშნული შენობა უპატრონობის და ნარკოტიკების ბუდედ იქცა.

 

„შენობა არის უპატრონობის  და ნარკოტიკების ბუდედ ქცეული - სწორედ ესაა „ქართული ოცნების“  სახე. იმის ნაცვლად, რომ პატრონობდნენ ბავშვებს, იმის ნაცვლად, რომ ხელი შეუწყონ ბავშვების განვითარებას, განსაკუთრებით ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში, სადაც ადამიანებს ისედაც უჭირთ და ისედაც სჭირდებათ დახმარება და გვერდით დგომა“, - ამბობს თარხნიშვილი.

 

მისივე განცხადებით,  სახელმწიფოს დამოკიდებულება ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლების მიმართ, ჩანს არცევის საბავშვო ბაღის ყოფილი ტერიტორიიდანაც.

 

„ამ სოფელში საბავშვო ბაღი არ არის, შესაბამისად, ბავშვების სად იზრდებიან, როგორ იზრდებიან, მშობლები როგორ უვლიან, ეს მთლიანად მათზეა დამოკიდებული. კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი ამ სოფლის მაცხოვრებლების წინაშე, ყველა ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლების წინაშე.სახელმწიფოს მათდამი დამოკიდებულება სწორედ ამ ბაღის ტერიტორიაზე ჩანს კარგად და სწორედ ეს არის ის დამოკიდებულება, რომელსაც „ქართული ოცნება“ ზოგადად, ქვეყნის მიმართ იჩენს“, - აცხადებს თარხნიშვილი.

 

 

გორის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ სოფელ არცევში, საბავშვო ბაღის აღნიშნული ტერიტორია 2010 წელს გასხვისდა კერძო პირზე, თუმცა შემდეგ მოსახლეობის მოთხოვნით, მერიამ ის გამოისყიდა.

 

„წინა ხელისუფლების დროს გასხვისდა აღნიშნული ტერიტორია, თუმცა შემდეგ, მოსახლეობის მოთხოვნით, სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოისყიდა ეს ტერიტორია. საბავშვო ბაღი არცევში მომავალ წელს რეაბილიტირდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტირება“, - განმარტავს გორის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი სოფო ნოზაძე.

 

მისივე განმარტებით, იქამდე, სანამ არცევში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასრულდება, აქ მცხოვრები სკოლამდელი ასაკის ბავშვები მიმდებარე სოფლების, კერძოდ, ქვეშის და სათემოს საბავშვო ბაღებში დადიან. ნოზაძის ცნობით, მათ ტრანსპორტი ემსახურება.