Back to Top
პარასკევი, 23 ოქტომბერი 2020 19:39

„ლელოს“ კანდიდატმა დემოკრატიის სკოლის ორგანიზებით მოქალაქეებს საარჩევნო პროგრამა გააცნო

"ლელოს" კანდიდატმა გორის დემოკრატიის სკოლის ორგანიზებით მოქალაქეებს საარჩევნო პროგრამა გააცნო.

 

პაპუნა კობერიძემ ონლაინ პლატფორმის, zoom - ის მეშვეობით დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულებსა და შეხვედრით დაინტერესებულ სხვა მოქალაქეებს საკუთარ პოლიტიკურ გეგმები გააცნო, რომელსაც მაჟორიტარ დეპუტატად არჩევის შემთხვევაში განახორციელებს. ერთ-ერთი საკითხი, რაზეც პაპუნა კობერიძემ ყურადღება გაამახვილა, დევნილთა პრობლემებს ეხებოდა.

 

"ვფიქრობ, დევნილებს უნდა შევთავაზოთ სპეციალური სახელმწიფო პროგრამები. ჩემი გამგებლობის დროს გავაკეთეთ პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ბუნებრივი აირი შევუყვანეთ დევნილებს და რაც მთავარია, 4 წლის განმავლობაში, 2025 წელს არ უნდა გადასცდეს და ჩვენ უნდა დავასრულოთ ყველა დევნილისთვის საცხოვრებელი ფართის მშენებლობა და თვითონ დევნილები ჩავაბათ ამ პროცესში. ასევე ჩვენი მიზანია შევქმნათ სამაცივრე მეურნეობები და დევნილებსა და საოკუპაციო ხაზთან მოსახლოებას ხელი შევუწყოთ ევროპული ბაზრისკენ გზის გასაკვალად", - განაცხადა პაპუნა კობერიძემ. 

 

გორის დემოკრატიის სკოლის ორგანიზებით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წინასაარჩევნო პროგრამების წარდგენის ციკლის, რიგით მეოთხე შეხვედრა მოეწყო. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სხვადასხვა ფორმატის შეხვედრებისა და ტრენინგების საშუალებით, პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის თემატური დისკუსიების წარმოებას.