Back to Top
შაბათი, 24 ოქტომბერი 2020 13:55

გვიმონებენ - "ქართული ოცნება" გორის ბაღის მასწავლებლებს უფასო დამკვირვებლობას ავალებს

"ქართული ოცნება" გორის საბავშვო ბაღის თანამშრომლებს არჩევნებზე უფასოდ დამკვირვებლობას ავალებს. თანამშრომლებმა ეს დავალება უკვე მიიღეს და მათი უმრავლესობა, სამსახურის დაკარგვის შიშით, მმართველი პარტიის მოთხოვნის შესრულებას აპირებს.

 

 

"გამარჯობა. წლებია, ბაღის მასწავლებელი ვარ. არ ვიცი გაქვთ თუ არა ინფორმაცია, რომ ყველა ბაღის თანამშრომელს გვავალებენ არჩევნებზე უხალფასოდ ვიყოთ დამკვირვებლები", - ეს შეტყობინება რადიო "მოზაიკამ" გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი საბავშვო ბაღის მასწავლებლისგან მიიღო.

 

პედაგოგი მოგვიყვა, რომ ის და მისი კოლეგები თავდაპირველად გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმდჯომარის მოადგილეს, მარლენ ნადირაძეს შეხვდნენ, რომელმაც უთხრა:

 

"12-დან 9 წევრი საარჩევნო კომისიაში ჩვენიანია, დამკვირვებლებიც უმეტესობა ჩვენიანი იქნება და შესაბამისად, თქვენთვის რთული არაფერი იქნება".

 

მარლენ ნადირაძესთან შეხვედრის შემდეგ, მასწავლებლებს ტრენინგი გორში, სასტუმროში "ლაქიში" ჩაუტარდათ.

 

"ტრენინგიც გვქონდა სასტუმრო "ლაქში", ცესკოს თავმჯდომარემ, ისაკაძემ, დაგვატრენინგა. ვერავინ გაბედა ღიად ამის გაპროტესტება, რადგან ყველამ ვიცით, ამას რაც მოჰყვება", - ამბობს მასწავლებელი.

 

რადიო "მოზაიკამ" მისი ნათქვამი გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე საბავშვო ბაღის თანამშრომელთან გადაამოწმა.

 

"კი, მოხალისეებად გვგზავნიან. აბა, ტყუილად ხომ არ მოგვიმატებდნენ ხელფასს, სათავისოდ ხომ უნდა გამოგვიყენონ", - ამბობს ერთ-ერთი მათგანი.

 

"ჩვენი ბაღიდან 5 თანამშრომელი შეარჩიეს. ალბათ ისეთები, ვიზეც იციან, რომ არსად არაფერს არ იტყვის", - გვითხრა კიდევ ერთმა პედაგოგმა.

 

"მონებივით გვექცევიან. არც კი უკითხავთ, გვინდოდა თუ არა ამის გაკეთება. დავალება მოგვცეს და მორჩა, უნდა შევასრულოთ", - გვეუბნება დამკვირვებლად შერჩეული კიდევ ერთი მასწავლებელი.

 

არც ერთი მათგანი აღნიშნულის გაპროტესტებას არ აპირებს, რადგან ეშინია, რომ პროტესტის ერთადერთი შედეგი მისი სამსახურიდან გათავისუფლება იქნება.