Back to Top
ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი 2020 13:06

რას პირდება „ევროპული საქართველოს" კანდიდატი ლევან თარხნიშვილი ამომრჩეველს?

31 ოქტომბერს საქართველოში პარლამენტის არჩევნები ტარდება. ამომრჩეველი 120 პარლამენტარს პროპორციული, 30-ს კი მაჟორიტარული სისტემით აირჩევს. გორი-კასპის გაერთიანებულ ოლქში მაჟორიტარი-დეპუტატობისთვის 13 კანდიდატი იბრძვის. მათგან ერთ-ერთი “ევროპული საქართველოს“ კანდიდატი ლევან თარხნიშვილია.

 

რას პირდება ლევან თარხნიშვილი ამომრჩეველს?

_____________________________________________________________

 

ბიზნესის გაცოცხლება - დაპირება 1:


“ჩვენთვის მთავარია, რომ საქართველოში და ქართლში დაბრუნდეს წესრიგი, სიმშვიდე და კეთლიდღეობა. ჩვენი ამოცანაა, რომ ადამიანებმა, რომლებიც შრომობენ ღირსეულად, თავის შრომის მიხედვით მოიპოვონ სამუშაო და საკვები წყარო. ამისათვის ძალიან მარტივი რაღაცის გაკეთება არის საჭირო - პირველი უნდა შემცირდეს გადასახადები, მეორე უნდა შემცირდეს უაზრო რეგულაციები და ადამიანს რომელსაც აქვს შრომის უნარი და შეუძლია ბიზნესის კეთება, მეტი ფული უნდა რჩებოდეს მას და ის უნდა განსაზღვრავდეს იმას, თუ როგორ წარმართავს თავის ბიზნესს, როგორ წარმართავს თავის შემოსავლებს და არა სახელმწიფო. მეტი ფული ხალხს, ნაკლები ფული ბიუროკრატიას. ნაკლები ფული გამგეობებში არსებულ ადამიანებს, ნაკლები ფული სამინისტროებში არსებულ ადამიანებს, ნაკლები ფული გუბერნიაში არსებულ ადამიანებს და მეტი ფული ჩვეულებრივ მოსახლეობას. სწორედ ეს არის გამოსავალი და ეს არის ბიზნესის გაცოცხლების ერთ-ერთი მთავარი საშუალება.“

 


სახელმწიფო ქონების პრივატიზება - დაპირება 2:


„ჩვენი გეგმის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი და ქვაკუთხედი არის სახელმწიფოს ხელში არსებული ქონების ხალხისთვის გადაცემა. ჩვენ ვამბობთ, რომ საჭიროა სოფელი გადაკეთდეს თემად, ჩამოყალიბდეს იურიდიულ ერთეულად და მასში მცხოვრებ ადამიანს ჰქონდეს თავისი წილი ამ თემში, შესაბამისად, მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი სახელმწიფო საკუთრება სწორედ სოფელს გადაეცემა და შემდეგ უკვე სოფელი განსაზღვრავს იმას, თუ რას უშვება ამ ქონებას. მიწა გახდება საბრუნავი ობიექტი და შესაბამისად, სოფელს შეეძლება გამოიყენოს ის, მაგალითად, სესხის ასაღებად. საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ექნება თავისი წილი ქონება და განსაზღვრავს თვითონ, თუ როგორ გამოიყენოს ის.“

 

 

პენსიის და სახელმწიფო დახმარებების გაორმაგება - დაპირება 3:


„დღეს არსებულ ვითარებაში უკვე შესაძლებელია პენსიის გაორმაგება, სოციალური დახმარების გაორმაგება, დევნილების დახმარების გაორმაგება და ასევე, ვეტერანების დახმარების გაორმაგება. ეს დღესვე შესაძლებელია და შესაბამისად, უკვე დანარჩენი ზრდა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ გაიზრდება ეკონომიკა და როგორ წავა წინ საქართველო. გარდა ამისა, ჩვენი ღრმა რწმენით ადამიანი თვითონ უნდა განსაზრრვრავდეს თვისი ფულის ბედს, შესაბამისად, ადამიანს უნდა ჰქონდეს საშუალება აირჩიოს მონაწილეობა მიიღოს თუ არა საპენსიო ფონდში, თუ მიიღებს რა სახით, რამდენი თანხა უნდა გადაიხადოს და ასევე, უნდა ჰქონდეს საშუალება, როდესაც დაჭირდება გამოიტანოს ეს თანხა. ანუ მარტივად რომ ვთქვა, თავის საპენსიო დანაზოგს ადამიანი თვითონ უნდა განსაზღვრავდეს და არა - ვიღაც ბიუროკრატი ან სახელმწიფო.“