Back to Top
ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი 2020 14:53

ენმ გორის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ამომრჩევლის დაშინებაში ადანაშაულებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს კობა ბერიანიძეს ამომრჩევლის დაშინებაში ადანაშაულებს.

 

ინფორმაციას პარტია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

 

"ბერიანიძე პოლიციის დახმარებით სოფელ კირბალსა და ქვახვრელში აშინებს ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს და აიძულებს, ხელისუფლების სასარგებლოდ მიიღონ გადაწყვეტილება" , - აცხადებენ პარტიაში.

 

კობა ბერიანიძე ამბობს, რომ აღნიშნულ სოფლებში ნამყოფიც კი არ არის.

 

"სიცრუეა, რომელ დაშინებაზეა საუბარი, იციან, რომ "ქართული ოცნება" დიდი უპირატესობით იგებს და აღარ იციან რა გააკეთონ, ნამყოფიც კი არ ვარ ქვახვრელში" , - აცხადებს კობა ბერიანიძე.

 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გორის ოფისში აცხადებენ, რომ ყოველდღიურად გამოავლენენ იმ პირებს, რომლებიც მოქალაქეების დაშინება- შანტაჟით ცდილობენ ამომრჩევლის დამორჩილებას.