Back to Top
შაბათი, 31 ოქტომბერი 2020 10:14

დამკვირვებელი: არ შემოწმდა მარკირების სითხე, დაირღვა წილისყრის წესები

სამოქალაქო პლატფორმა 2020-ს დამკვირვებელმა თეონა ფანქველაშვილმა, გორში, მე-9 საარჩევნო უბანზე 2, საოლქოში კი, 1 საჩივარი დაწერა.

ფანქველაშვილის განმარტებით, დილით უბნის გახსნისას არ შემოწმდა მარკირების სითხე, შემდეგ კი, კომისიის წევრებმა წილისყრის შედეგები არ გაითვალისწინეს და ფუნქციები თვითნებურად გაინაწილეს. საბოლოოდ, კი მდივანმა საჩივრის დაფიქსირების საშუალება არ მისცა.

 

"უბნის გახსნამდე არ შემოწმდა მარკირების სითხე და ამაზე დავწერეთ საჩივარი, შემდეგ, კომისიის მამაკაცი წევრი, ხვიჩა საბანაძე ითხოვდა, რომ რიგის მომწესრიგებლად ყოფილიყო, რადგან წინა წლებში ყოველთვის ასე იყო, ამას დაეთანხმა კომისიის თავმჯდომარეც, მოვითხოვე წილისყრის ჩატარება და საბანაძეს წილად ხვდა რეგისტრატორის ფუნქცია, თუმცა მან ეს არ გაითვალისწინა და მაინც ნაკადის მომწესრიგებლად დადგა, ამაზეც დავწერე საჩივარი, შემდეგ კი, მდივანმა შენიშვნის დაფიქსირების საშუალება არ მომცა წიგნში, რის გამოც, იძულებული გავხდი, საოლქოში შემეტანა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საჩივარი" , - განმარტა ფანქველაშვილმა.

 

აღნიშნული საჩივრის დადასტურების შემთხვევაში, მე-9 უბნის მდივანი 500 ლარით დაჯარიმდება.