თამბაქოს მოწევა დღეიდან შენობა-ნაგებობის უმეტესობაში აიკრძალა

მაისი 01 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

დღეს ძალაში შევიდა კანონი, რომლის საფუძველზეც შენობა-ნაგებობების უმეტესობაში თამბაქოს მოწევა აიკრძალა.

თამბაქოს მოწევა ასევე აიკრძალა საზოგადოებრივ ტრანსპორტში (გარდა ტაქსისა და კატერისა); საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების, ბიბლიოთეკების, 18-წლამდე ასაკის პირებისათვის განკუთვნილი დაწესებულებების შენობა-ნაგებობების ტერიტორიებზე; სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე; ბენზინგასამართი, გაზგასამართი და გაზგამანაწილებელი სადგურების, აგრეთვე იმ დაწესებულებათა შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, სადაც ცეცხლსაშიში ნივთიერებები ინახება.

შენობაში თამბაქოს მოხმარების ფაქტის დაფიქსირებისას, იურიდიული პირი თავდაპირველად, 500 ლარის ოდენობის თანხით, განმეორების შემთხვევაში 2 000, ხოლო სისტემატური მოხმარებისას 5 000 ლარით დაჯარიმდება.

თამბაქოს მოწევა აკრძალული იქნება სტადიონზეც, რომელსაც ჰყავს ადმინისტრაცია.

“თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებებით, რომლის ნაწილი ძალაში 1-ელი მაისიდან შევიდა, თამბაქოს მოწევა ნებადართულია შემდეგ შენობა-ნაგებობებში: ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილას, თამბაქოს კვამლის შემსწავლელ სპეციალიზებულ ლაბორატორიულ დანადგარში, პენიტენციურ დაწესებულებაში, ნებართვის საფუძველზე მოწყობილ სიგარა-ბარებში, სამორინეში, აეროპორტის სატრანზიტო ზონასა და წინასწარი დაკავების იზოლატორში.

ამასთან, სტაციონარული ფსიქიატრიული და პალიატიური მკურნალობისთვის განკუთვნილ დაწესებულებებში თამბაქოს მოწევა ნებადართული იქნება შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის სპეციალური ბრძანებით დადგენილი წესით, ზოგიერთი მხარდაჭერის მიმღები ან მძიმედ ავადმყოფი პაციენტისთვის, სპეციალურად განსაზღვრულ ადგილას, რომელიც სრულად (კედლებით) უნდა იყოს გამიჯნული დაწესებულების სხვა ნაწილისგან და უნდა ჰქონდეს ვენტილაცია ან ღია სივრცეში გამავალი ფანჯარა. ასეთი პაციენტისთვის თამბაქოს მოწევა, აღნიშნული დაწესებულების ხელმძღვანელის სპეციალური ბრძანებით, დასაშვებია პალატაშიც, თუ ის იზოლირებულია სხვა პაციენტებისგან.

აეროპორტის სატრანზიტო ზონაში თამბაქოს მოწევა დასაშვებია მხოლოდ სპეციალურ მოსაწევ ოთახში, რომელსაც უნდა ჰქონდეს ცალკე სავენტილაციო სისტემა, რომლიდანაც თამბაქოს კვამლი სხვა სივრცეში არ უნდა ხვდებოდეს და რომელშიც არ უნდა ხდებოდეს საკვებისა და სასმელის შეტანა და მოხმარება. 

Read 826 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი