18 სოფელში რიტუალების სახლებისთვის გამოყოფილი 707009 ლარი და უფუნქციოდ დარჩენილი ობიექტები

ივნისი 05 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"2012-2016 წლებში რიტუალების სახლებზე გამოყოფილი თანხები არამიზნობრივადაა გახარჯული და ათასობით ლარის ხარჯვის მიზნობრიობა გაურკვეველია", - ეს განცხადება რადიო "მოზაიკასთან" ენმ-ს წარმომადგენელმა გორის საკრებულოში ბექა ქორჩილავამ გააკეთა.  


,,2012 - 2016 წლებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოიყოფოდა თანხები რიტუალების სახლების რეაბილიტაცია - ასაშენებლად, თუმცა ამ თანხების ფონზე მივიღეთ უსახური შენობები, რომლებიც არ არის დასრულებული ან მეტნაკლებად დასრულებულია და არ ფუნქციონირებს. ჩვენ შევაჯამეთ და მივიღეთ, რომ 302 522 ლარამდე თანხა ფაქტიურად არაფრისთვის გამოიყო, რადგან რიტუალების სახლების უმრავლესობა, არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოების გამო უფუნქციოა" - გვითხრა ქორჩილავამ.

 
რადიო ,,მოზაიკამ“ ამ საკითხთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია შეისწავლა, რის შედეგადაც გამოიკვეთა, რომ 2012-2016 წლებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტის 106 სოფლიდან რიტუალების სახლის მშენებლობა 44 სოფელში დაიწყო. აქედან ნაწილი არ ფუნქციონირებს და შენობამ სხვა დატვირთვით დაიწყო მუშაობა, ნაწილში - სარემონტო სამუშაოები არ დასრულებულა, ზოგიერთი ობიექტი კი სხვადასხვა მიზეზის გამო არ გამოიყენება.


ამ დროისთვის, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში  აშენებული რიტუალების სახლიდან მხოლოდ 26 ფუნქციონირებს, მათგან ზოგიერთში სამუშაოები დასრულებული არ არის, თუმცა მოსახლეობა სარიტუალო მომსახურებისთვის მაინც იყენებს. 


კვლევამ აჩვენა, რომ იმ სოფლებისთვის, სადაც რიტუალების სახლების მშენებლობა დაუსრულებელია, 2012-2016 წლებში, 792 858 ლარი სოფლის პროგრამის ფარგლებში გამოიყო, აქედან უშუალოდ, რიტუალების სახლების მოსაწყობად 707009 ლარი დაიხარჯა. 2016 წლის შემდეგ კი სოფლის პროგრამა გაუქმდა, შესაბამისად დაწყებული სამუშაოების გასაგრძელებლად თანხები აღარ გამოიყო. გორის მუნიციპალიტეტის 18 სოფელში ამ დროისთვის რიტუალების სახლი თანხების გახარჯვის მიუხედავად, არ ფუნქციონირებს. 


რიტუალების სახლების მასიური მშენებლობა გორის მუნიციპალიტეტში 2012 წლიდან დაიწყო. ადგილობრივი მოსახლეობა ამ საკითხს პრიორიტეტულად სოფლის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხის გახარჯვის დაგეგმვისას ასახელებდა.ქვეყნის მასშტაბით, აღნიშნული პროგრამა 2012-2016 წლებში მოქმედებდა, მის განსახორციელებლად ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 50 000 ლარი გამოიყოფოდა.

Read 1001 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი