Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 07 ივნისი 2018 09:49

ერგნეთში ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრა გაიმართება

Rate this item
(0 votes)

"ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა იქნება არჩილ ტატუნაშვილის საქმე და ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანების თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის საკითხი", – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა დღეს 10:30 საათზეა ჩანიშნული.

"ბოლო შეხვედრებზე მთავარი საკითხი ტატუნაშვილის მკვლელობა იყო. ქართული მხარის მიერ მრავალი საათის განმავლობაში განიხილებოდა ეს თემა, დაისვა ბევრი კითხვა, რომლებზეც ჯერ პასუხები არ მიგვიღია. ჩვენი მხრიდან იყო იმ ინფორმაციის დაზუსტების მცდელობა, რაც არსებითად მნიშვნელოვანია გამოძიებისთვის, რომ დადგინდეს პასუხისმგებელი პირები და შესაბამისად, აღსრულდეს მართლმსაჯულება.

"რა თქმა უნდა, ამ შეხვედრაზეც მთავარი საკითხი იქნება ტატუნაშვილის თემა და ყველა ის საკითხი, რომელიც გამოძიებისთვის არის მნიშვნელოვანი. მათ შორის, საუბარია პრეპარატების ან სხვადასხვა მასალის გადმოცემაზე, რომელიც შეიძლება აღმოჩნდეს საყურადღებო გამოძიებისთვის ან ექსპერტიზისთვის“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქალაქეების თავისუფლად გადაადგილების საკითხს, მინისტრის თქმით, როდესაც საუბარია გადაადგილების თავისუფლებაზე, იგულისხმებიან არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები, არამედ ის მოსახლეობა, რომელიც ცხოვრობს ცხინვალის რეგიონში.

ციხელაშვილის თქმით, სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმუმი გაკეთდება იმისათვის, რომ ყველა დასმულ საკითხზე და მათ შორის, ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით მიიღონ საჭირო ინფორმაცია და მიაღწიონ კონკრეტულ შედეგებს.

„არ იქნება სწორი, წინასწარ ვისაუბრო პესიმისტურ ან ოპტიმისტურ განწყობებზე. ნამდვილად ვიცი, მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა საკითხი განვიხილოთ და შევძლოთ ინფორმაციის მიღება. რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს ეს შეხვედრა, ქართული მხარე გააგრძელებს გამოძიებას. თქვენ იცით, რომ კვალიფიკაცია შეეცვალა ამ საქმეს, კიდევ უფრო ბევრი დამამძიმებელი გარემოება გაჩნდა ექსპერტიზის შედეგებისა და სხვა საგამოძიებო მასალებზე დაყრდნობით და აუცილებლად გავაკეთებთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს. თქვენ ასევე იცით, რომ ეს შესაძლებლობები მიმდინარე ოკუპაციის პირობებში, სამწუხაროდ, შეზღუდულია, თუმცა ყველა ინსტრუმენტს გამოვიყენებთ, რომ გამოძიება წარიმართოს ეფექტიანად, გამოვლინდნენ დამნაშავეები და დადგეს მათი პასუხისმგებლობის საკითხი“, – აცხადებს ციხელაშვილი.

 

 

Read 1498 times Last modified on ხუთშაბათი, 07 ივნისი 2018 14:53