ვინ და რატომ აღნიშნავს შობას 7 იანვარს?

იანვარი 07 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

მართლმადიდებელი ეკლესია 7 იანვარს ქრისტეს შობას ზეიმობს. ამ დღესთან დაკავშირებით, ტაძრებში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება და ქუჩებში ალილოს მსვლელობა ეწყობა.

 

„ცივ ამინდში, მიუხედავად, მიუსაფრობისა და სიდუხჭირისა, ხერხდება ალაგის გამოძებნა, სადაც ცხოველების, მწყემსებისა და მზრუნველი “მშობლების“ გარემოცვაში იბადება ყრმა იესო.  ღმერთი აქ წარმოგვიდგება ჩვილის სახით, რომლის ღიმილი და სახის ნათება გარშემომყოფებს იმედის სიხარულს ანიჭებს. დასავლეთ ევროპის კლიმატურ ზონაში, სადაც ზამთარი ძალიან ცივია, ბუნება სრულიად გარიდნებულია და ყველა თბილი კერიის ირგვლივ შემოკრებილი ოჯახური გარემოსკენ მიისწრაფვის, შობის ეს ხატება ძალიან მშობლიურია. თბილი, მოსიყვარულე გარემო, ახალშობილი ბავშვი და ადამიანთა ერთობის ხილვა არის ის გზავნილი, რომელიც მკაცრი კლიმატის  პირობებში მცხოვრებ ადამიანებს სულიერად ათბობს, იმედით აღავსებს და მთელი ზამთრის პერიოდში აძლებინებს. ანუ შობის შემთხვევაში კლიმატი, გარემო, ადამიანთა განწყობა, მშვიდი ემოციები და წლის პერიოდი ერთმანეთს ემთხვევა, რის გამოც ამ არეალში შობამ უფრო დიდი კულტურული და კომუნალური დატვირთვა შეიძინა“, - გვითხრა თეოლოგმა მირიან გამრეკელაშვილმა.

როდის არის შობა?

„ნებისმიერი რელიგია განუყოფლად არის დაკავშირებული იმ გარემოს დრო-ჟამის მონაცვლეობაზე, რომელშიც მას არსებობა უწევს. აქედან გამომდინარე ბუნებრივად ხდება ადამიანის სიცოცხლის პერიოდის, ბუნების დროებისა და თვით ცივილიზაციის ციკლურობის გათვალისწინებაც. შესაბამისად, თუ რელიგიების კულტურულ საფანელს ამ ჭრილში განვიხილავთ აღმოვაჩენთ, რომ ისინი შესაბამისი გეოგრაფიული სარტყელსა და სივრცეზე იმაზე მეტად არიან დამოკიდებულნი ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. ქრისტიანობა განვითარდა ხმელთაშუაზღვის კულტურულსა და გეოგრაფიულ სივრცეში. მისი წარმოქმნისას ამ სივრცეს (რომის იმპერიას) არეგულირებდა ე.წ. იულიუსის კალენდარი, რომელიც თავის მხრივ ეგვიპტური კალენდრიდან მომდინარეობდა. რამდენადაც წმინდა წერილში აღნიშნული დღესასწაულები ებრაული კალენდრის მიხედვით არის მოხსენიებული და სახარებისეული ბევრი მოვლენა კი თარიღობრივად დაუზუსტებლად არის მოცემული, ქრისტიანობას მოუხდა საკუთარი რიტმულობის არსებული სისტემისთვის მოერგო. შობა უფლისა მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი სახარებაში თარიღის გარეშეა მოცემული, ამიტომ მას პირველი ქრისტიანები წელიწადის სხვადასხვა დროს აღნიშნავდნენ. საბოლოოდ, საყოველთაო თარიღად დადგენილ იქნა 25 დეკემბერი, თარიღი რომელსაც უკვე ჰქონდა საკმაოდ დიდი კალენდარული დატვირთვა. მეორეს მხრივ ეს თარიღი კარგად ესადაგებოდა შობის დღესასწაულის გზავნილს: ცივ და მკაცრ სამყაროში იბადება უფალი, ძალიან უბრალოდ, მხოლოდ უახლოესი და რამოდენიმე კეთილი ადამიანის გარემოცვაში. თუმცა ყრმის ნათება და ღიმილი, ყველა მხილველს იმედს უჩენს.“

რატომ აღნიშნავს მართლმადიდებელი სამყარო შობას 7 იანვარს?

„შუა საუკუნეებში, როდესაც ევროპამ საკუთარი ასტრონომიული ცოდნა განაახლა, აღმოჩნდა, რომ თავისი წინამორბედი ეგვიპტურის მსგავსად, ვერც იულიუსის კალენდარი ახერხებდა, წელიწადის დროის სრული სიზუსტით აღრიცხვას დღეების მიხედვით. 1573 წელს რომის პაპმა გრიგოლმა შექმნა სპეციალური კომისია, რომელმაც ათწლიანი მუშაობის შედეგად ახალი კალენდარი წარადგინა და 1582 წელს იმავე პაპის დადგენილებით “Inter gravissimas” ეს კალენდარი დამტკიცებულ იქმნა. ამის შემდეგ განხორციელებული იქნა კიდევ რამოდენიმე ჩასწორება და საბოლოოდ, სხვაობამ ძველსა და ახალ კალენდრებს შორის შეადგენს 13 დღეს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ კალენდრის ეს რეფორმა გათვლილი იყო დასავლეთ ევროპულ სივრცესა და კონკრეტულად კი კათოლიკე ეკლესიის მრევლზე. შესაბამისად, სხვა ქვეყნებში ამ კალენდრის შემოღება პირდაპირ, თუ ირიბად დაუკავშირდა მათი მხრიდან “ევროპულობის“ ხარისხს. მართლმადიდებელი ეკლესიების უმრავლესობა დღეისთვის ახალი კალენდრით სარგებლობს (გამონაკლისს წარმოადგენს აღდგომის თარიღი). იგი მეოცე საუკუნის დასაწყისში რუსეთისა და საქართველოს ეკლესიებშიც იქნა შემოტანილი, მაგრამ მრევლის მიერ მისი არმიღების გამო, დაბრუნებული იქნა ისევ ძველი რიტმულობა. ეს პრობლემა კიდევ უფრო ფიქსირებული გახადა საბჭოთა ხელისუფლებამ რომელმაც შობის საპირწონედ ახალი წელის პომპეზურად აღნიშვნა დააწესა და შობის მნიშვნელობა სახალხო სივრცეში გააუფერულა. დღევანდელ დღეს 7 იანვარს, მაგ. გერმანიაში “რუსულ შობას“ ეძახიან.“

Read 1458 times Last modified on Last modified on იანვარი 07 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი