ქუჩის წარუმატებელი გამოკითხვა (#1)

იანვარი 08 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: ხატია მუმლაძე

 

 

"ფიქრის უფლება ყოფილა თურმე ყველაზე ძვირი, რადგან ცხოვრების ავანჩავანი ფიქრში ირკვევა."
- ოთარ ჭილაძე

 

 

რესპონდენტის როლში ყოფნა თავად იშვიათად მიწევს, თუმცა კარგად მესმის, რას განიცდიან ისინი, ვისაც ჟურნალისტები ქუჩაში მოულოდნელად ვაჩერებთ და გამარჯობის თქმისთანავე, კითხვაზე პასუხის გაცემას ვთხოვთ, - არც ის მავიწყდება, რომ ქუჩაში ყველა თავისი საფიქრალ-სადარდებლით დადის და ჟურნალისტთან გასაუბრება საერთოდ არ აქვს გეგმაში.

 

თუმცა, როცა ჟურნალისტი ხარ, ხალხთან ურთიერთობას სად გაექცევი? ვერსად. მით უფრო, თუ შენი საქმე ხალხის გამოკითხვის ჩატარებაა, მოულოდნელი კითხვებით რიგით გამვლელებთან კომუნიკაცია გარდაუვალი ხდება. ასე იყო დღესაც, ერთი და პატარა განსხვავებით:  კითხვა რომელიმე პრობლემურ საკითზე არ უნდა დამესვა, -  ანუ არ უნდა მეკითხა, რას ფიქრობთ ლარის გაუფასურებაზე, გყოფნით თუ არა შემოსავალი თვიდან თვემდე თავის გასატანად და მისთანანი. ყველაფერი ძალიან მარტივად იყო -  რამდენად კარგად იცნობთ საკუთარ თავს? - ეს იყო კითხვა,  რომლის დასმასაც ვგეგმავდი. 

 

მერე?

 

როდესაც ხალხის ჩასაწერად ქუჩაში გავედი, ვფიქრობდი, რომ ყველა მარტივად, ჭოჭმანისა და ჭმუნვის გარეშე მიპასუხებდა. მეტიც, იმისთისაც მზად ვიყავი, თუ რომელიმე დაუსრულებელ საუბარს გამიბამდა, ლაპარაკი ლოგიკურ დასასრულამდე თავაზიანად როგორ მიმეყვანა. თუმცა სულ ტყუილად, არც კი დამჭირდა. 

 

რატომ?

 

იმიტომ, რომ 10 ადამიანიდან, რვამ მითხრა:

 

-         გთხოვ, სხვა კითხვა დამისვი.

 

-         ვაიმე, რანაირი კითხვაა?!

 

-         პრობლემებზე მკითხე, თუ გინდა.

 

-         ვაიმე, ვაიმე, მეჩქარება.

 

-         ეგ რამ გაგახსენათ?

 

ხმის ჩამწერის ჩართვა მხოლოდ ორჯერ დამჭირდა. ანუ ერთი საათის განმავლობაში, მხოლოდ ორი ადამიანი ვნახე, ვინც კითხვაზე პასუხის გაცემა სცადა. მათგან ერთ-ერთი მეგი ურიგაშვილი იყო.

 

„30 წლის ვარ და მგონია, რომ საკუთარ თავს კარგად არ ვიცნობ. ხშრად მქონია შემთხვევა, რომ ისეთი რამ გამიკეთებია, რაც მანამდე არც მიფიქრია.“

 

მეორე რესპონდენტი, ვინც მოკლე პასუხი დამიბრუნა, 61 წლის ჟუჟუნა აშრალოვი იყო.

 

„ 61 წლის ქალი ვარ, საკუთარ თავს თუ - არა, აბა ვის უნდა ვიცნობდე?!“

 

ახლა, როცა მასალის მომზადების დროა, ვზივარ და ვფიქრობ, რომ კითხვები, რომლებიც პრინციპში საკუთარი თავისთვის ყველას ერთხელ მაინც უნდა გვქონდეს დასმული, პრობლემებზე ფიქრში ძალიან ღრმად არის ჩაკარგული. ამიტომაც ვაღიარებ, რომ გამოკითხვის მცდელობა კრახით დამთავრდა და მასალას რა სათაურითაც ვაქვეყნებ, კი ხედავთ. 

 

 

 

 

 

 

 

Read 1599 times Last modified on Last modified on იანვარი 08 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი