დე ფაქტო უწყება: სამხრეთ ოსეთი თავად მოაწყობს საკუთარ საზღვრებს

ივნისი 27 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

“სამხრეთ ოსეთს არ აქვს პრეტენზია საქართველოს ტერიტორიებზე, მაგრამ არ აპირებს დათმოს საკუთარი მიწა“, - ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

დე ფაქტო უწყება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკანინაის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც მან ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტში ე.წ. საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის შექმნას და სოფელ წნელისზე პრეტენზიის გამოცხადებას ყველანაირი ნორმის დარღვევად შეაფასა. ე.წ. დეპუტატები აპირებენ გაარკვიონ, თუ როგორ მოხდა სოფელი წნელისი თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე.

ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ე.წ. საზღვრები, იურიდიულად და პოლიტიკურად,  ერთი და იგივე აღარ არის.

„თანამედროვე რეალობის ერთ-ერთი ფუნდამენტური ელემენტია სახელმწიფოების შესაძლებლობა, რათა მათ საკუთარი ბედი ეროვნული ინტერესების შესაბამისად გადაწყვიტონ,  უნდათ თუ არა მათ საქართველოს შემადგენლობაში ყოფნა - ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელია, აღიარებული და დამოუკიდებლად განსაზღვრავს თავის სასაზღვრო პოლიტიკას“, - აღნიშნავენ ცხინვალში

დე ფაქტო უწყებაში აცხადებენ, რომ ჟენევის ფორმატის მოლაპარაკებებზე არაერთხელ მიმართეს ქართულ მხარეს ერთობლივად განეხორციელებინათ დელიმიტაციის და დემარკაციის სამუშაოები, თუმცა უარი მიიღეს.

"ამ სიტუაციაში, სამხრეთ ოსეთი იძულებულია თავად მოაწყოს საკუთარი საზღვრები, რადგან ეს უდიდეს გავლენას ახდენს ქვეყნის მოსახლეობის უსაფრთხოებაზე. საქართველოს ყველა პრეტენზია არის უსაფუძვლო“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ცხინვალში მიაჩნიათ, რომ თვითაღიარებული რესპუბლიკა არის 1922 წელს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დაარსებისას შექმნილ საზღვრებში.

„სინამდვილეში, ოსური ტერიტორია ბევრად უფრო დიდია“ -  ამბობენ ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროში

Read 1075 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი