თავდაცვის სამინისტრო თანამშრომლების დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს

ივნისი 27 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო თანამშრომლების დაღუპვის გამო სამძიმრის წერილს ავრცელებს.

„საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საავტომობილო ბაზის მსუბუქი მანქანების ასეულის მძღოლების, გრიგოლ კამანდოს ძე გარაყანიძისა (13.03.1964) და უმცროსი სერჟანტ გაბრიელ ნოდარის ძე გვარჯალაძის (26.08.1974) დაღუპვის გამო და უსამძიმრებს მათ ოჯახებს“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს სამძიმარში.

ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს დილით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის აგარის მონაკვეთზე მოხდა.

„თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული მსუბუქი ავტომანქანა ŠKODA, რომელსაც სავარაუდოდ გრიგოლ გარაყანიძე მართავდა, თურქეთის რესპუბლიკის კუთვნილ სატვირთო ტრაილერს DAFF შეეჯახა. შეჯახების შედეგად, ორივე პიროვნება ადგილზევე გარდაიცვალა.

ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღო მსუბუქ ავტომანქანაში მყოფმა ორმა პიროვნებამ. მათგან ერთის – ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საავტომობილო ბაზის მსუბუქი მანქანების ასეულის მძღოლის, უმცროსი სერჟანტ ალექსანდრე აკაკის ძე კახიანის (26.11.1981) ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამჟამად ის მოთავსებულია ქალაქ გორში მდებარე სამედიცინო ცენტრში „გორმედი“. პირველადი გამოკვლევებით აღენიშნება თავის ტვინის ჰემორაგიული დაჟეჟილობა და მრავლობითი მოტეხილობები. ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მეორე პიროვნება, გრიგოლ გარაყანიძის შვილი – ირაკლი გრიგოლის ძე გარაყანიძე შპს „გორმედში“ რენტგენოლოგიური გამოკვლევის ჩატარების შემდეგ გაიწერა.

მომხდართან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით, რაც სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უცხადებს სამძიმარს გარდაცვლილი პირების ოჯახებს“, – აღნიშნულია თავდაცვის სამძიმრის წერილში.

დაკრძალვასთან დაკავშირებულ ხარჯებს თავდაცვის სამინისტრო სრულად დაფარავს.

Read 2710 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი