გორის მუნიციპლიტეტის საკრებულოში დეკემბერში, პრემიის სახით, 36 465 ლარი გაიცა

იანვარი 09 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: თათია გოგოლაძე

 

გორის საკრებულოს აპარატის 19  თანამშრომელსა  და 11  თანამდებობის  პირზე გაცემულმა პრემიამ, ჯამში, 36 465 ლარი შეადგინა, რომელიც საჯარო მოხელეებმა  წინასაახალწლოდ აიღეს, - ინფორმაცია საკრებულოს თვამჯდომარემ და აპარატის უფროსმაც დაადასტურეს. ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს 30-ვე თანამშრომელს ჯილდო ერთი თვის ხელფასის ოდენობით დაერიცხა. დავით რაზმაძე აცხადებს, რომ ახალი მოწვევის საკრებულომ მოკლე დროში, იმაზე მეტი დატვირთვით იმუშავა, ვიდრე ევალებოდა და აღნიშნული თანხით, მათი შრომის წახალისება მოხდა.

 ,,ეს იყო 2017 წლის ფონდიდან. ქალაქშიც და რაიონშიც თანხები იყო დაზოგილი, ერთადერთი პრემია იყო გაცემული. არადა, სამი პრემიაა ჩადებული. მოკლედ,  გავეცით. ისედაც, ჯერ მარტო ერთ თვეში  საკრებულოს  6 სხდომა ჩავატარეთ, დავხოცეთ ხალხი, ღამე ვამუშავეთ და რაღაცით ხომ უნდა წაგვეხალისებინა საახალწლოდ", - გვითხრა დავით რაზმაძემ, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარემ.

წინასაახალწლოდ, გორის საკრებულოში გაცემულ პრემიებს, ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ეხმაურებიან. ბადრი ბასიშვილის აზრით, ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში გორს ბადალი არ ჰყავს.

 ,,შიდა ქართლის რეგიონი ერთგვარად ჩემპიონია პრემიების აღებაში, მათ შორის გორის მუნიციპალიტეტმა ყველაზე მეტი პრემია მიიღო. ახალი თვითმმართველობა ჯერ ისევ ჩამოყალიბების პროცესშია და    თვენახევრში დაახლოებით  200 000 ლარზე მეტი,   პრემიის გამოწერა ადგილობრივ მუნიციპალიტეტში, ჩვენ ყოვლად მიუღებლად მიგვაჩნია“. 

იურისტების განცხადებით, საჯარო სამსახურში დასაქმებული პირების მიმართ სადღესასწაულოდ დარიცხულ პრემია-დანამატებს, კანონი ვერ არეგულირებს. ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ლექსო მერებაშვილი მიიჩნევს, რომ  მათ ეს ჯილდო არა სადღესასწაულო, არამედ კონკრეტული საქმიანობის კარგად შესრულებისთვის უნდა ეძლეოდეთ.

,,დანამატი 20 %-ს არ უნდა აღემატებოდეს, მთლიანი წლიური სარგო მაქვს მხედველობაში. რაც შეეხება ჯილდოს, ანუ პრემიას, ის არ უნდა აღემატებოდეს ხელფასის 100 %-ს “.

ცვლილებაა ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს საშტატო ნუსხაშიც.  ორი მუნიციპალიტეტის შერწყმის პირობებში, შეიკვეცა თანამშრომელთა რაოდენობაც და საკრებულოს 40 დეპუტატის გარდა, ადმინისტრაციულ შენობაში კიდევ 23 თანამშრომელი მუშაობს.

 

 

 

 

 

Read 1510 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი