საკრებულოს აპარატის უფროსი: ფრაქციების რაოდენობას კანონი არ გვიზღუდავს

ივლისი 19 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსის ინფორმაციით, ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანოში ახალი ფრაქციების შექმნას და მათ დასაფინანსებლად თანხების მოთხოვნას, კანონი არ ზღუდავს.

ზაზა ნასყიდაშვილის განმარტებით, ამისთვის, მინიმუმ სამკაციანი ჯგუფის მიერ ფრაქციის შექმნის შესახებ მოთხოვნის და შესაბამისი წესების წარმოდგენის შემდეგ, მერი ვალდებულია თანამდებობრივი სარგოსთვის თანხები მოიძიოს.

"თუ შეიკრიბება დეპუტატთა მინიმუმ სამკაციანი ჯგუფი და წარმოადგენს საკუთარ პლატფორმას და წესდებას, საპროცედურო საკითხთა კომისია განიხილავს მათ განცხადებას, გაიტანენ საკრებულოს სხდომაზე. და, თუ დამტკიცდა, ფრაქცია გაივლის რეგისტრაციას და შემდეგ მივმართავთ აღმასრულებელს. ფრაქცია პოლიტიკური პლატფორმაა და მერი ვალდებულია მის დასაფინანსებლად თანხები მოიძიოს", - აცხადებს ზაზა ნასყიდაშვილი.

მას შემდეგ, რაც თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებები შევიდა და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეზეც გაიწერა თანამდებობრივი სარგო, გორის მუნიციპალიტეტში მე-6 ფრაქცია ,,პატრიოტები ხალხის სამსახურში" შეიქმნა. საკრებულოში ფრაქციის შექმნას ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 30-ე მუხლი განსაზღვრავს, რომლის მიხედვით:

1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები შეიძლება გაერთიანდნენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციაში.

2. ერთი და იმავე პოლიტიკური პარტიის წევრებს უფლება აქვთ, გაერთიანდნენ მხოლოდ ერთსა და იმავე ფრაქციაში (ასეთი ფრაქცია შეიძლება შექმნან ორი ან მეტი პარტიის წევრებმაც). საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ უპარტიო მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს უფლება აქვს, გაერთიანდეს მხოლოდ ამ საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული პარტიების მიერ შექმნილ ერთ-ერთ ფრაქციაში. არჩევნებში მონაწილე პარტიის წარდგენით არჩეულ უპარტიო მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს უფლება აქვს, გაერთიანდეს ფრაქციაში მხოლოდ ამ პარტიის წევრებთან ერთად.

3. ფრაქციის შექმნის მსურველი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები შეიმუშავებენ ფრაქციის პოლიტიკურ პლატფორმასა და წესდებას. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა გაერთიანება ფრაქციის სტატუსს იძენს რეგისტრაციის მომენტიდან. ფრაქციის შექმნისა და საქმიანობის წესები და მისი უფლებამოსილება განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით.

4. ფრაქციის წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს 3-ზე ნაკლები.

5. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი შეიძლება გაერთიანდეს მხოლოდ ერთ ფრაქციაში.

6. ფრაქციის შექმნა შესაძლებელია როგორც პარტიულ, ისე არაპარტიულ საფუძველზე.

7. დაუშვებელია ფრაქციებად გაერთიანება ეროვნული, რელიგიური, პროფესიული, პირადი ან ტერიტორიული (საცხოვრებელი ადგილის) ნიშნით.

Read 709 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი