Back to Top
ოთხშაბათი, 08 აგვისტო 2018 18:59

ტ/კ "თრიალეთი": პრეზიდენტის მხრიდან მსგავსი დამოკიდებულება, შეურაცხმყოფელია

Rate this item
(0 votes)

ტ/კ "თრიალეთში" აცხადებენ, რომ საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს, რომელიც დღეს 2008 წლის ომის დროს მომუშავე ჟურნალისტებს შეხვდა, ასევე უნდა მიეწვია ტ/კ "თრიალეთის" წარმომადგენლებიც.

ტელეკომპანიაში მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტის მხრიდან მსგავსი დამოკიდებულება შეურაცხმყოფელია.

"იმ დროს, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი სასახლეში იმ ჟურნალისტებს შეხვდა, ვინც 10 წლის წინ 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს აშუქებდა, რატომღაც არ გახსენებია, რომ მიეპატიჟებინა ტელეკომპანია "თრიალეთის“ ჟურნალისტები. ტელეკომპანიის, რომელმაც თავის თავზე გადაიტანა იმ ომის საშინელებები და ფაქტობრივად, ფრონტის წინა ხაზზე მტრის თვითმფრინავების ბომბების ქვეშ აგრძელებდა მუშაობას.

"თრიალეთში“ იყო განთავსებული მედიაცენტრიც, სადაც ტელეკომპანიის ჟურნალისტებთან ერთად, როგორც ქვეყნის შიგნით მოქმედი მედიასაშუალებების წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო და მსოფლიოში წამყვანი მედიის ჟურნალისტები იმყოფებოდნენ. ტელეკომპანიას მუშაობა არ შეუწყვეტია რუსეთის ჯარების მიერ გორის დაკავების დროსაც."თრიალეთის“ თანამშრომლები და ჟურნალისტები საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, უწყვეტ რეჟიმში აწვდიდნენ ინფორმაციას მთავრობისაგან მიტოვებულ მოსახლეობას.

აქედან გამომდინარე, სამართლიანად ვიფიქრეთ, რომ როცა პრეზიდენტი მსგავსი სახის შეხვედრას მართავს და ეპატიჟება ჟურნალისტებს, რომლებიც 10 წლის წინ ომის მოვლენებს აშუქებდნენ, პირველ რიგში ტელეკომპანია "თრიალეთის“ ჟურნალისტები უნდა მიეწვია. ქვეყნის პირველი პირის ასეთი დამოკიდებულება შეურაცხმყოფელია იმ ჟურნალისტებისთვის, რომლებიც ომიდან მოყოლებული, დღემდე აქტიურად აშუქებენ კონფლიქტებს და მათთვის ეს თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი", - ნათქვამია ტ/კ "თრიალეთის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში

Read 1027 times