მერია ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის 12 მლნ ლარს დახარჯავს
2018 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში თანხების დიდი ნაწილი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაიხარჯება, - ეს განცხადება ფრაქცია "ქართული ოცნების" ხელმძღვანელმა მიხეილ გოგინაშილმა რადიო "მოზაიკას" ყოველკვირეულ გადაცემაში "თვითმმართველობის დრო" გააკეთა. მისი თქმით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის 12 მლნ ლარია გათვალისწინებული. გარდა ამისა, გორის მუნიციპალიტეტის მერია ცენტრალური ბიუჯეტიდან დამატებით თანხებსაც ელოდება. მერიისათვის ასევე პრიორიტეტულია გზების, სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების მოწესრიგების საკითხი.
"ინფრასტრუქტურაზე 12 მილიონი ლარია გამოყოფილი. აქედან რაღაც ნაწილი თანადაფინანსებაა. პრიორიტეტულია გზების გაკეთება, წყლის სისტემის გაკეთება. რაიონში, მაგალითად, 12 ჭაბურღილი კეთდება რეგიონალური განვითარების ფონდის ფინანსებით", - განაცხადა გოგინაშილმა.