ესტონეთის ომის მუზეუმში ფოტოგამოფენა „საქართველო 2008“ მოეწყო

აგვისტო 10 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა საქართველოს ელჩი თეა ახვლედიანი, რომელმაც ისაუბრა 10 წლის წინ საქართველოს მიმართ რუსეთის მიერ განხორციელებულ სამხედრო აგრესიაზე და მის შედეგებზე, საქართველოს ორი განუყოფელი რეგიონის - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ოკუპაციის ჩათვლით.

ელჩმა, მიმოიხილა საქართველოში უსაფრთხოების კუთხით დღესდღეობით არსებული მდგომარეობა და ხაზი გაუსვა, რომ ომიდან 10 წლის შემდეგ, საქართველოსა და საერთაშორისო საზოგადოების სამშვიდობო ძალისხმევის მიუხედავად, კვლავ გრძელდება საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია, ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები, კვლავ აღმართულია გამყოფი ბარიერები და მავთულხლართები, უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები, მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო გატაცებების, წამებისა და სიცოცხლის ხელყოფის ტრაგიკული ფაქტების ჩათვლით.

თეა ახვლედიანმა განაცხადა, რომ 10 წლის განმავლობაში მიმდინარე ოკუპაციის და პროვოკაციების მიუხედავად, საქართველომ წარმოაჩინა რომ შესწევს ძალა მიაღწიოს მნიშვნელოვან წარმატებას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და დემოკრატიული ტრანსფორმაციის კუთხით. ელჩმა აქვე ისაუბრა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაზე, რომელიც მიმართულია ომით დაშორებული საზოგადოებების შერიგებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ. ამასთან, მან ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის კონსოლიდაციის მნიშვნელობაზე და მადლიერებით აღნიშნა ესტონეთის მიერ განხორციელებული და მიმდინარე მტკიცე მხარდაჭერა, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას, ასევე, სიტყვით მიმართა ესტონეთის თავდაცვის ძალების ყოფილმა მეთაურმა, ესტონეთის პარლამენტის წევრმა გენერალმა ანტს ლაანეოტსმა, რომელმაც ისაუბრა 10 წლის წინ რუსეთის მიერ განხორციელებულ აგრესიაზე და მიმოიხილა რუსეთის პოლიტიკა სამეზობლოს მიმართ. აღსანიშნავია, რომ გენერალი ლაანეოტსი, „2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი - გამომწვევი მიზეზები და ქვეტექსტი“ ნაშრომის ავტორია.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ესტონეთის მთავრობისა და პარლამენტის წევრები, სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების, თავდაცვის, კულტურისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები, ისევე როგორც ესტონეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრები.

გამოფენა ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ესტონეთის ომის მუზეუმის ერთობლივი ორგანიზებით 8 აგვისტოს გაიხსნა და მომდევნო 2 თვის მანძილზე იქნება წარმოდგენილი.

აღსანიშნავია, რომ ფოტო-გამოფენა მომზადებულია ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების “გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრისა” და „მეგობრობის ხიდი ქართლოსის“ მიერ და მისი თავდაპირველი ვერსია გამოფენილია გორის ოკუპაციის მუზეუმში

Read 687 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი