რადიო "მოზაიკას" დირექტორი გენერალურ ინსპექციას მიმართავს

აგვისტო 14 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

რადიო "მოზაიკას" დირექტორი შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მიმართავს და პოლიციის თანამშრომლების - რობერტ ტერტერაშვილის, ლავრენტი ალექსიძის, ავთანდილ ღოლიჯაშვილის და გურამ ზარქუას მიმართ დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრებას მოითხოვს.

აღნიშნული პირები გვანცა დოლუაშვილს ქალაქის იერსახის დამახინჯებაში ადანაშაულებდნენ და ასკ-ს 150 მუხლის მიხედვით, მისი 500 ლარით დაჯარიმებას ითხოვდნენ. მტკიცებულებებად წარდგენილი იქნა წარწერის ფოტოსურათი და სამი პოლიციელის იდენტური გასაუბრების ოქმი.

საქმე ეხება 2018 წლის 2 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ადმინისტრაციული წესით აღძრულ საქმეს. "მკვლელი ქუჩაშია“ - დავით სარალიძის მკვლელობის ობიექტური გამოძიების მოთხოვნის მიზნით, გორის ქუჩებში გაკეთებული ამ წარწერის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. 2 თვის მერე, გორის სათემო რადიო „მოზაიკას“ დირექტორ გვანცა დოლუაშვილისთვის ცნობილი გახდა, რომ მის წინააღმდეგ დაწყებული იყო ადმინისტრაციული საქმის წარმოება - პოლიცია მას ქალაქის იერსახის დამახინჯებაში ადანაშაულებდა და ასკ-ს 150 მუხლის მიხედვით, მისი 500 ლარით დაჯარიმებას ითხოვდა. 

სასამართლო პროცესი 3 აგვისტოს გაიმართა. გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, დავით პაპუაშვილმა მიიჩნია, რომ პოლიციის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი გვანცა დოლუაშვილის შესაძლო ბრალეულობის დასამტკიცებლად

რადიო "მოზაიკას" დირექტორის განცხადებით, პოლიციის თანამშრომლების მხრიდან უსაფუძვლო ოქმის შედგენა უკავშირდება მის საზოგადოებრივ საქმიანობასა და აქტიურობას.

"მიმაჩნია, რომ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან უსაფუძვლო ოქმის შედგენა უკავშირდება ჩემს საზოგადოებრივ საქმიანობასა და აქტიურობას - წარმოვადგენ სამოქალაქო აქტივისტს და სათემო რადიო „მოზაიკის“ დირექტორს. აღნიშნულში კიდევ უფრო დავრწმუნდი 2018 წლის 3 აგვისტოს გამართულ სასამართლო სხდომაზე და ამავე დღეს მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაცნობისას. გადაწყვეტილებით შეწყდა ჩემს მიმართ აღძრული საქმე.

სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, საქმეზე თანდართული ფოტოილუსტრაციით არ ირკვევა, რა ადგილზეა წარწერა გაკეთებული - არის ეს ფეხით მოსიარულეთა, სატრანსპორტო საშუალებების სავალი ნაწილი თუ ფასადი. იგი არ იძლევა რაიმე სახის ინფორმაციას განმახორციელებელ პირის (პირთა) შესახებ. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის მე-21 ნაწილით ქმედების კვალიფიკაციისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება წარწერების თვითნებურად განხორციელების ადგილს: ეს უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანოების შენობათა ფასადებზე, აგრეთვე მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილზე. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ მომხდარა ადგილის დათვალიერება, წარწერის კონკრეტული ადგილმდებარეობის დადგენის კანონმდებლობით განსაზღვრული წესით ფიქსაცია.

სასამართლომ მიიჩნია, რომ წარდგენილი მტკიცებულებები (ფოტოილუსტრაცია და მოწმეთა ჩვენებები) არ არის საკმარისი, პირველ რიგში, მართლსაწინააღმდეგო ქმედების არსებობის, ხოლო დადებით შემთხვევაში, ამ ქმედებაში ჩემი ბრალეულობის უტყუარად დადასტურებისათვის. ფოტოილუსტრაცია რაიმე სახის ინფორმაციას არ იძლევა, ხოლო სამართალდარღვევის ოქმის შედგენა კონკრეტული პირის მიმართ სხვა ფაქტებისა და გარემოებების გარეშე, იმთავითვე არ ადასტურებს ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის ბრალეულობას. მხოლოდ პოლიციელთა ჩვენება  სამართალდარღვევის შემთხვევის არსებობისა და ამ ქმედების ჩამდენი პირის იდენტიფიკაციისათვის საკმარისად ვერ ჩაითვლება.

გვანცა დოლუაშვილის განცხადებით,  თავად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე თავიდანვე წარიმართა გულგრილად, რადგან:

1.  სასამართლოში გადაგზავნილ საქმის მასალებში ავთანდილ ღოლიჯაშვილის მიერ შედგენილი პატაკი არ არის დათარიღებული და ხელმოწერილი.

2.  რობერტ ტერტერაშვილის, ლავრენტი ალექსიძისა და ავთანდილ ღოლიჯაშვილის გასაუბრების ოქმები აბსოლუტურად იდენტურია, იცვლება გვარები და სახელები. აღნიშნული მიუთითებს, რომ გურამ ზარქუას მიერ გასაუბრება და საქმის წარმოება ჩატარებულია არაჯეროვნად.

3. რობერტ ტერტერაშვილის, ლავრენტი ალექსიძისა და ავთანდილ ღოლიჯაშვილის მიერ არ იქნა შესრულებული პოლიციელის უფლებამოსილება ჯეროვნად: მიუხედავად იმისა, რომ ისინი შეესწრნენ „სამართალდარღვევას“, მათ ვერ მოახერხეს მისი აღკვეთა და სამართალდამრღვევ(ებ)ის გამოვლენა. აღნიშნული ქმნის იმის საფრთხეს, რომ ამ პოლიციელებმა ვერც მომავალში აღკვეთონ არათუ სამართალდარღვევა, არამედ დანაშაულიც კი.

4. გურამ ზარქუას მიერ არ იქნა სამართალდარღვევის საქმის გარემოებები გამოკვლეული ჯეროვნად. გასაუბრების ოქმების იდენტურობა აჩენს დასაბუთებულ ეჭვს, რომ მის მიერ შედგენილი იქნა აღნიშნული ოქმები ისე, რომ არც გასაუბრებია კონკრეტულ პოლიციელებს, შემოიფარგლა მხოლოდ მათი ხელმოწერით. პროცესზე ჩვენს მიერ დასმულ კითხვებზე პასუხობდა, რომ მან დაუსვა კითხვები პოლიციელებს (თუმცა პასუხები რატომღაც აღარ მოხვდა გასაუბრების ოქმში), ბოლოს საერთოდ საწინააღმდეგო განაცხადა და თქვა, რომ ოქმში მხოლოდ ის ინფორმაცია შეიტანა, რაც პოლიციელებმა მიაწოდეს და დამატებითი კითხვები აღარ დაუსვამს.

5. პოლიციელებმა სხდომაზე ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებებიც მისცეს. ერთი პოლიციელის განმარტებით, მას ფოსტის შენობიდან რესტორან ელ-დეპომდე (დაახლოებით 30-40 მეტრი) გასავლელად 2-3 წუთი დაჭირდა, მეორე პოლიციელმა კი იმავე მანძილის გავლას 10-15 წუთი მოანდომა. ერთი პოლიციელის განმარტებით წარწერას ასრულებდა ბიჭიც და გოგოც, ხოლო მეორე პოლიციელის თქმით, მხოლოდ გოგო ასრულებდა წარწერას. პოლიციელები ამბობდნენ, რომ მათ ამომიცნეს სახით, ამავე დროს კი განმარტავდნენ, რომ მე ჩაცუცქულ მდგომარეობაში, სახით ქვემოთ ვასრულებდი წარწერას, რაც გამორიცხავს მოძრავი მანქანიდან, 23:00 საათზე, ადამიანის ამოცნობას სახით.

6. საყურადღებოა პოლიციელთა პასუხი კითხვაზე, თუ საიდან მიცნობდნენ. სამივე მათგანმა განაცხადა, რომ ჩემი სამოქალაქო აქტიურობიდან გამომდინარე მათ იცოდნენ ვინ ვიყავი. სწორედ, ამან გაამყარა ჩემი ეჭვი, რომ სამართალდარღვევის საქმე ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე აღიძრა და ემსახურებოდა ჩემი აქტივობის ჩახშობას.

7. პოლიციელებს არ აქვთ უნარი მოახდინონ სამართალდარღვევის იდენტიფიცირება, რაც მათ  არაპროფესიონალიზმს უსვამს ხაზს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცალსახად წერია, რომ სამართალდარღვევას წარმოადგენს წარწერების გაკეთება ადმინისტრაციული ორგანოს ფასადებზე და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე, მათ შორის ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილზე. იგივე დაადასტურა გორის რაიონულმა სასამართლომაც. მიუხედავად ამისა, შსს თანამშრომელბმა მაინც აღძრეს საქმე და გადასცეს იგი სასამართლოს.

8. პოლიციელთა არაპროფესიონალიზმი და საქმისადმი გულგრილი დამოკიდებულება გამოვლინდა აგრეთვე ჩემი დაბარების ვადებში. მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევა 2 ივნისს მოხდა, გასაუბრებაზე მხოლოდ 25 ივლისს, თითქმის ორი თვის შემდეგ, დამიბარეს. კითხვაზე, თუ რატომ არ მოხდა ჩემი დაბარება დაუყოვნებლივ, მე-2 ან მე-3 დღეს, პოლიციელებმა განმარტეს, რომ ისინი საკუთარი ძალებით ცდილობდნენ მეორე პირის ვინაობის დადგენას. რა იგულისხმებოდა საკუთარ ძალებში, აღნიშნული არ დაუკონკრეტებიათ და არც საქმის მასალებიდან დასტურდება, რომ ისინი რამეს ცდილობდნენ.

9. "სამართალდარღვევის“ შემსწრე პოლიციელებს არ უძებნიათ „სამართალდამრღვევები“ იქვე არსებულ რესტორან „ელ-დეპოში“, არ გაუჩერებიათ და არ დაუკითხავთ არცერთი მოწმე, მიუხედავად იმისა, რომ როგორც ამბობდნენ, იმ დროს ქალაქში ინტენსიური მოძრაობა იყო.  არ ჩაუტარებიათ არავითარი ღონისძიებები სამართალდამრღვევთა გამოსავლენად. ისინი რატომღაც იმედოვნებდნენ, რომ მხოლოდ მათი ჩვენების საფუძველზე მოხდებოდა ჩემი სამართალდამრღვევად ცნობა. აღნიშნული ქმნის საფრთხეს იმისას, რომ ამ სამმა პოლიციელმა მომავალშიც რიგითი მოქალაქის მიმართ იგივე მეთოდს მიმართოს, ხოლო მეოთხე პოლიციელმა ამავე გულმოდგინებით „გამოიკვლიოს“ საქმე და უდანაშაულო ადამიანის სამართალდამრღვევად ცნობა მოითხოვოს. მსგავსი მიდგომა საზოგადოებაში აჩენს პოლიციისადმი, შინაგან საქმეთა სამინისტროსადმი და მთლიანად სახელმწიფოსადმი უნდობლობას. ამას ადასტურებს ჩემს სასამართლო სხდომამდე გამართული საპროტესტო აქცია „შსს, დაიწყე ბოდიშით“.

10. შსს შესაბამისმა თანამშრომლებმა არაეფექტურად გამოიყენეს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე სასამართლოს დრო და ადამიანური რესურსი. მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნდა არავითარი მტკიცებულება, მათ მაინც გადასცეს საქმე სასამართლოს და შესაბამისი შედეგიც დადგა.

რადიო "მოზაიკას" დირექტორმა გენერალურ ინსპექციას წარუდგინა მის მიმართ აღძრული საქმის მასალები, აგრეთვე სასამართლოს 2018 წლის 3 აგვისტოს დადგენილების ასლი და ამავე თარიღის სასამართლო სხდომის ოქმი, სადაც ნათლად ჩანს, თუ რას პასუხობენ დასმულ კითხვებს შსს შესაბამისი თანამშრომლები.

გვანცა დოლუაშვილი ასევე მოითხოვს, გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამისი სანქციები დააკისრონ სხვა პასუხისმგებელ თანამშრომლებსაც.

 

Read 972 times Last modified on Last modified on აგვისტო 14 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი