ქალები მოჯადოებულ წრეში

იანვარი 18 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: ნათია ომაძე

 

 

,, ჩემი გზა პოლიტიკაში არ იყო იოლი. მიუხედავად იმისა, რომ ვარ აქტიური საკრებულოში თუ საკრებულოს გარეთ, ჩემი საზოგადოებრივი საქმიანობა, ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე სოფლების პრობლემების ცოდნა, ცხელ წერტილებში ცხოვრების და მუშაობის გამოცდილება, კრიტიკულ სიტუაციებში სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარი, ბევრი პრობლემის წინ წამოწევა, თუ მედიაციის სფეროში განხორციელებული აქტივობები შეიძლებოდა გამხდარიყო პოლიტიკურ კარიერაში უფრო მაღალ პოზიციაზე ჩემი წარდგენის საფუძველი, მაგრამ... ჩვენს ქვეყანაში გამოწვევად რჩება პოლიტიკაში ქალების წინ წამოწევის ხელის შეშლა კაცების მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას ვჭირდებით ჩვენ. წინასაარჩევნო პერიოდში 2014 წელსაც და 2017 - შიც, ბევრი მანკიერი რამ დავინახე, ყველაზე გულდასაწყვეტი კი ის იყო, რომ ღირსეულ, განათლებულ და კვალიფიციურ ქალებს დისკრედიტირებული მამაკაცები ამჯობინეს. დარწმუნებული ვარ, საკრებულოში მეტი ქალის ყოფნის შემთხვევაში პარტიაც უფრო მეტად მოიგებდა, საქმეც და ბევრ კაც დეპუტატზე უკეთ შევძლებდით კანონშემოქმედებით მუშაობას", -  ამბობს გორის საკრებულოს წევრი ლია ჩლაჩიძე, რომელიც 2017 წელს უკვე მეორედ გახდა გორის საკრებულოს წევრი.

 

საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას ქალები წარმოადგენენ, მაგრამ ისინი ადრეც და დღესაც ნაკლებად არიან წარმოდგენილნი პოლიტიკაში. ახლანდელი მდგომარეობით, საქართველოს პარლამენტში 150 დეპუტატიდან 24 არის ქალი; მინისტრთა კაბინეტში 14 მინისტრიდან 2 ქალია; 59 თვითმმართველი თემის არჩეულ მერთაგან მხოლოდ 1 ქალია (ნინოწმინდაში); ბოლო თვითმმართველობის არჩევნებზე არჩეული საკრებულოს 2176 წევრიდან 278 არის ქალი (12.77%); ჩვენს რეგიონში, შიდა ქართლში არსებული ოთხი მუნიციპალიტეტიდან არც ერთს არ ჰყავს ქალი მერი და საკრებულოს თავმჯდომარე.

 

ჩვენს ქვეყანაში გენდერული თანასწორობა კონსტიტუციით და კანონმდებლობით გარანტირებულია, მაგრამ რეალობა განსხვავებულია და ამას სხვადასხვა მიზეზები აქვს. გენდერული თანასწორობა ნიშნავს, რომ ქალსა და კაცს თანაბარი პირობები და ცხოვრებისეული შანსები უნდა ჰქონდეთ საკუთარი პოტენციალის სრული რეალიზაციისთვის, თანაბრად უნდა მონაწილეობდნენ ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული განვითარების პროცესებში და თანაბრად სარგებლობდნენ საზოგადოებრივი სიკეთეებით, შესაძლებლობებითა და რესურსებით. გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა სხვა საერთაშორისო ვალდებულებებთან ერთად, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ინიცირებული ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი შესასრულებელი პუნქტიცაა.

 

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ელენე რუსეცკაია, ოც წელზე მეტია, კოლეგებთან ერთად საქართველოში გენდერული თანასწორობისთვის იბრძვის, მაგრამ ჯერჯერობით მცირე დადებით შედეგებს ხედავს.


,,ჯერ ისევ არათანასწორი გარემოა დღეს ჩვენს ქვეყანაში. ძალაუფლება ძირითადად მამაკაცების ხელშია და ქალებმა ჯერ ეს სივრცე უნდა გაარღვიონ პოლიტიკაში წარმატების მისაღწევად. ამასთან ერთად სტერეოტიპებით სავსე გარემოს და ოჯახის გარღვევაც უწევთ, რომლის მიხედვითაც თითქოს ქალის მთავარი მოვალეობა მხოლოდ ოჯახის მიხედვაა. ჩვენი ვმუშაობთ ამ სტერეოტიპების დანგრევაზე, მაგრამ ცნობიერების შეცვლას დრო ჭირდება, მით უმეტეს რომ არსებობენ რადიკალურად განწყობილი ჯგუფები, რომლებიც ჩვენი მუშაობის პარალელურად სხვადასხვა მეთოდებით ცდილობენ ამ ნეგატიური სტერეოტიპების განმტკიცებას", -  ამბობს რუსეცკაია.

 

,,ქალებს, რომლებსაც პოლიტიკაში მონაწილეობის სურვილი გვაქვს, ბევრი ბარიერის გადალახვა გვიწევს. მცდარი სტერეტიპული წარმოდგენები არსებობს ქალებზე, რომ ჩვენ ვართ ზედმეტად ემოციურები და მგრძნობიარეები, რაც ხელს გვიშლის სწორი გადაწყვეტილების მიღებაში; რომ ქალებს არ გვაქვს გამოცდილება და არ ვართ მზად პოლიტიკაში მოსასვლელად; რომ იშვიათად მოგვაქვს პოლიტიკური პარტიებისთვის გამარჯვების რესურსი და სხვა. ეს ყოველივე ბევრ ქალს ხელს უშლის პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილების მიღებაში და დამატებით ბარიერებს უქმნის მათ... 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ჩემმა პარტიამ „თავისუფალმა დემოკრატებმა“ დამასახელა ერთ–ერთი რთული ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატად და ძალიან მომეხმარა საარჩევნო კამპანიის წარმოებისას. დავიწყე ბრძოლა ამ სტერეოტიპების დასანგრევად, ვცდილობდი დამერწმუნებინა ამომრჩევლები, რომ ქალებს პოლიტიკაში მოსასვლელად ყველა რესურსი გაგვაჩნია. უფრო მეტიც, ქალები ვართ სამართლიანები, კარგად გვეხერხება მოლაპარაკებები, დღის წესრიგში ვაყენებთ ბავშვთა პრობლემებს, სოციალურ საკითხებს და ისეთ თემებზე ვმუშაობთ, რომლებიც უბრალო ადამიანებისთვისაა მნიშვნელოვანი. ალბათ სწორედ ამან განაპირობა, რომ ყველაზე მაღალი შედეგი მივიღე მუნიციპალიტეტის მასშტაბით მაჟორიტარ კანდიდატთა შორის", -  იხსენებს ქალაქ გორის საკრებულოს ყოფილი წევრი თამარ თედლიაშვილი.

 

არათანასწორ და სტერეოტიპებით სავსე გარემოში ქალები სხვა გამოწვევების წინაშეც დგანან. პოლიტიკოსი ქალები და ექსპერტები პოლიტიკაში გენდერული დისბალანსის მიზეზად პოლიტიკურ პარტიებს და საქართველოს კანონმდებლობაში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ეფექტური მექანიზმის არარსებობასაც ასახელებენ.

 

,,სამწუხაროდ პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობისათვის არც პარტიები და არც საზოგადოება მზად არაა: ქალებს ნაკლებად ღირებულ რესურსად განიხილავენ პოლიტიკური პარტიები, საზოგადოება კი ქალ პოლიტიკოსს ნაკლებად ენდობა, განსაკუთრებით რეგიონებში. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია – კაცებს ქალებზე აქვთ მინდობილი ოჯახი და შვილები, პოლიტიკაში კი მათ ყოფნას არ მიესალმებიან,“ ამბობს ლია ჩლაჩიძე და მის აზრს იზიარებს სახალხო დამცველის მოადგილე, ექსპერტი გენდერული თანასწორობის საკითხებში ეკატერინე სხილაძეც.

 

,,საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კულტურას მჭიდრო კავშირი აქვს ტრადიციულ სტერეოტიპულ დამოკიდებულებებთან, რაც ხშირ შემთხვევაში, გამორიცხავს ქალის როლსა და მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესებში. ამასთან, პოლიტიკაში ქალთა დაბალი მონაწილეობის ერთ-ერთი მიზეზი საქართველოს კანონმდებლობაში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის წახალისების ეფექტიანი მექანიზმების არარსებობაცაა. პარტიების მხრიდან ხშირად ისმის არგუმენტი, რომ ქალ მაჟორიტარობის კანდიდატს ამომრჩეველი უპირატესობას არ ანიჭებს, ხმას არ აძლევს და ამიტომ, იძულებულნი არიან, კანდიდატებად ისევ მამაკაცები დაასახელონ. საპირისპიროზე მიუთითებს საზოგადოებრივი განწყობები და დამოკიდებულება ქალი კანდიდატების მიმართ (NDI), რომელშიც კაცების 76% და ქალების 85% ეთანხმება მოსაზრებას, რომ ქალებს ისევე კარგად შეუძლიათ გადაწყვეტილების მიღება, როგორც მამაკაცებს. ერთის მხრივ, ჩვენ ვხედავთ საზოგადოების მზაობას მეტი ქალი იყოს წარმოდგენილი ქართულ პოლიტიკაში, ხოლო მეორეს მხრივ რეალობა საგანგაშოა, რადგან უშუალოდ პოლიტიკური პარტიებისთვის ქალთა მონაწილეობის საკითხი კვლავ არაპრიორიტეტულია და ისინი არ არიან მზად გადადგან გარკვეული ნაბიჯები პარტიებში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდისთვის", - ამბობს სხილაძე.

 

დღეს საქართველოს კანონმდებლობაში გენდერული კვოტირების მხოლოდ ნებაყოფლობითი, წამახალისებელი ნორმა არსებობს. კერძოდ, საქართველოს ორგანული კანონით ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საარჩევნო სუბიექტი, რომელიც იღებს სახელმწიფო დაფინანსებას, მიიღებს 30 %-ის ოდენობით დანამატს, თუკი მის მიერ წარდგენილ სიაში კანდიდატთა ყოველ ათეულში განსხვავებული სქესის წარმომადგენელი იქნება ჩასმული. გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე ექსპერტების შეფასებით არაერთმა საპარლამენტო თუ ადგილობრივმა არჩევნებმა ცხადყო, რომ ამ მექანიზმმა არ იმუშავა და გენდერული ბალანსის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად საჭიროა კვოტირების სავალდებულო კანონის შემოღება.

 

,,წამახალისებელ მექანიზმს, სამწუხაროდ, არ მოყოლია ის შედეგი რა მოლოდინიც გვქონდა. ამ მექანიზმის გამოყენება უმცირესობაში მყოფმა პარტიებმა დაიწყეს და არა მმართველმა - არც ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ (2012 წელს) და არც ,,ქართულმა ოცნებამ (2014 წელს). დადებით შედეგს მხოლოდ სავალდებულო მექანიზმი მოიტანს, რომლის არდაცვის შემთხვევაში პარტია ვერ გაივლის რეგისტრაციას და არჩევნებში ვერ მიიღებს მონაწილეობას. სავალდებულო კვოტირების კანონის მიღება პარტიების განვითარება-გაჯანსაღებასაც შეუწყობს ხელს; პარტიები იძულებულნი გახდებიან კადრების წარმოჩენასა და ახალი ადამიანების წინ წამოწევაზე იზრუნონ. გარდა ამისა კონკურენციაც გაიზრდება როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში", - ამბობს გენდერული თანასწორობის ქსელის კოორდინატორი მაია კუპრავა და დასძენს, რომ წლების მანძილზე კვოტირების კანონის მიღებას პოლიტიკოსი კაცები ეწინააღმდეგებოდნენ.

 

,, ამ კანონის მიღებით კაცები საშიშროებას ხედავენ, რომ პოლიტიკაში მათი რიცხვი შემცირდება და ამ მიზეზის გამო ვერ მოხდა ამდენი ხნის მანძილზე კვოტირების დაკანონება. სავალდებულო კვოტირებაში ისინი პირდაპირ სკამის გამოცლას ხედავენ. დღეს ჩვენ გვყავს 4-5 მოწვევის პარლამენტის წევრი კაცები, რომელთა გვარ-სახელებს მხოლოდ საკანონმდებლო ორგანოს ვებგვერდზე ვნახულობთ. არადა 20 წელია სხედან პარლამენტში და არავინ არ ვიცნობთ, თვალითაც არ გვინახავს, არც ერთი სიტყვა არ უთქვამთ პარლამენტის ტრიბუნიდან და არც მათგან დაყენებული ინიციატივა გაგვიგია. მაგრამ ჩვენ კაბალურად გვადევს მათთვის ხელფასის გადახდის ვალდებულება. თუ ჩვენ სავალდებულო კვოტირების მექანიზმი არ გვექნება ქალები ვერსადროს გაარღვევენ ამ მოჯადოებულ წრეს", - ასკვნის კუპრავა.

 

ცნობისათვის, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისთვის ბრძოლას საქართველოში თითქმის 20 წლიანი ისტორია აქვს. პირველად გენდერული კვოტირების შესახებ კანონპროექტი არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით წარადგინა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ რუსუდან ბერიძემ 1998 წელს, მაგრამ უშდეგოდ. უშედეგო იყო მოგვიანებით განხორციელებული მცდელობებიც. ბოლო, უკვე მეექვსე მცდელობა, გასული წლის 12 ივნისს დაფიქსირდა, როცა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან შემდგარმა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფმა (თასკ Fორცე) საკანონმდებლო ინიციატივა შეიტანა პარლამენტში 37 445 ხელმოწერით, რომელიც პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გაზრდას უნდა მოემსახუროს. ამ ინიციატივის მიხედვით, პარტიები და საარჩევნო ბლოკები ვალდებულნი იქნებიან საარჩევნო სია გენდერული თანასწორობის პრინციპის დაცვით დააკომპლექტონ და სიაში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი წარადგინონ. იმ შემთხვევაში კი, თუ არჩეულ წევრს რაიმე მიზეზით შეუწყდება დეპუტატის უფლებამოსილება, დეპუტატის მანდატს იმავე სქესის, რიგით მეორე, კანდიდატი მიიღებს. თუკი ეს ცვლილებები დამტკიცდება და პარტიულ სიებში ყოველი მეორე წარმომადგენელი ქალი იქნება, მომდევნო მოწვევის პარლამენტში 150 დეპუტატიდან პროპორციული სიით არჩეული 38 ქალი იქნება.

 

კვოტირების დაკანონების აუცილებლობას ხედავს ელენე რუსეცკაიაც, რომელიც მაია კუპრავასთან ერთად ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის წევრია და ამბობს, რომ ქალები აქტიურები არიან და ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლიათ ქვეყნისთვის.

 

,,მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური გემოვნებისა, უნდა ვაღიაროთ, რომ ქალები უფრო აქტიურები არიან პარლამენტში, ვიდრე კაცები. ქალები უმცირესობაში არიან, მაგრამ ყოველთვის ერთვებიან ნებისმიერ საკითხის განხილვაში. ამიტომ საჭიროა მათი რესურსი გამოყენებული იქნეს ქვეყნისთვის სასიკეთოდ და აღდგეს ქალებისთვის კანონით და კონსტიტუციით მინიჭებული უფლება. იმედი გვაქვს საგაზაფხულო სესიაზე პარლამენტი მხარს დაუჭერს სავალდებულო გენდერული კვოტირების ამოქმედებას იმ სახით, რა სახითაც გვაქვს წარდგენილი და არ იქნება ვაჭრობა ქალთა პროცენტის დაწევაზე, რადგან თუ ეს მოინდომეს გამოიკვეთება სახელმწიფოს მხრიდან საკითხის ფორმალური მიდგომა ვიღაცისთვის თვალში ნაცრის შესაყრელად", - ამბობს რუსეცკაია.

 

წლებია ქალები საქართველოში ამ მოჯადოებულ წრეში ტრიალებენ. საგაზაფხული სესიაზე პარლამენტს აქვს შანსი, გენდერული კვოტირების კანონის მხარდაჭერით ერთი მხრივ ამ წრის გარღვევას დაუდოს სათავე და ამასთან ერთად, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებასაც შეუწყოს ხელი.

 

Read 1164 times Last modified on Last modified on იანვარი 20 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი