უგზო-უკვლოდ დაკარგულთა დღეს ოკუპირებულ რეგიონებშიც აღნიშნავენ

აგვისტო 28 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

30 აგვისტოს მსოფლიოში უგზო - უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება.

ამასთან დაკავშირებით ღონისძიებები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში იმართება. მათ შორის ოკუპირებულ რეგიონებშიც. ცხინვალსა და სოხუმში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების კომიტეტები წელს პირველად დამოუკიდებლად აწყობენ ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს, წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელშეწყობით, მანამდე ამ თარიღის აღნიშვნაში უშუალოდ ეს ორგანიზაცია იყო ჩართული. მისი წარმომადგენლების განმარტებით, საქართველოს ყველა ქალაქში განსხვავებული ღონისძიება იგეგმება, ოკუპირებულ რეგიონებში კი ამ თარიღს მოკრძალებულად, მხოლოდ სანთლების დანთებით აღნიშნავენ. 

ორგანიზაციის ინფორმაციით ამ დროისთვის დაახლოებით 2500 ადამიანი ითვლება უგზო - უკვლოდ დაკარგულად 1992-93 წლების აფხაზეთის კონფლიქტის, ასევე ცხინვალის რეგიონის 90-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტების შედეგად. ამ რაოდენობაში შედიან ქართველი, აფხაზი, ოსი, რუსი ეროვნების დაკარგული პირები.

"უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების მოძიების პროგრამის ფარგლებში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის, როგორც ჰუმანიტარული ორგანიზაციის ეგიდით და მისივე თავმჯდომარეობით 2010 წელს შეიქმნა 2 ჰუმანიტარული საკოორდინაციო მექანიზმი: 1) რომელიც მოიძიებს 1992-93 წწ აფხაზეთის კონფლიქტის დროს და მის შედეგად გაუჩინარებულ პირებს (ქართველი და აფხაზი წარმომადგენლების მონაწილეობით) და 2) რომელიც მოიძიებს სამაჩაბლოს 90-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის დროს და მის შედეგად გაუჩინარებულ პირებს (ქართველი, ოსი და რუსი მონაწილეები). ორივე მექანიზმის წარმომადგენლები გარკვეული სიხშირით იკრიბებიან და ცვლიან მათ ხელთ არსებულ ინფორმაციას პოტენციური სამარხებისა თუ გაუჩინარებული ადამიანების შესახებ. შესაბამისად ხორციელდება უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების სიის განახლება. პირველ მექანიზმში დევნილთა და განსახლების სამინისტრო მონაწილეობს, მეორეში - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური“, - განმარტავს "წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენელი მაია ქარდავა.

8 წლის განმავლობაში 349 ადამიანის ნეშტის ან მისი ფრაგმენტების მოძიება გახდა შესაძლებელი, საიდანაც 155 ადამიანია ამოცნობილი. ორგანიზაციის ინფორმაციით, ნეშტები ამოცნობის პროცედურის დასრულების შემდეგ მათ ოჯახებს გადაეცა, დანარჩენი ნეშტების ამოცნობის პროცესი კი ამ დრომდე გრძელდება. ე.წ. გათხრების სეზონი წელს 15 სექტემბერს დასრულდება. ორგანიზაცია ამ თარიღის შემდეგ იდენტიფიცირებული ნეშტების შესახებ ახალ მონაცემებს წარმოადგენს.

Read 799 times Last modified on Last modified on აგვისტო 28 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი