ხელფასების მატება, მიზეზები და შეფასებები

იანვარი 19 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: ნოდარ სხირტლაძე

გორის საკრებულოს დეპუტატებმა შრომის ანაზღაურების შესახებ კანონი განიხილეს და მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირებს ხელფასები გაუზარდეს. დეპუტატების გადაწყვეტილება გადასახადის გადამხდელებს ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაუჯდებთ. საკრებულოს თავმჯდომარემ, რომელიც მმართველი პარტიის წევრია, ხელფასების მომატება თანამდებობის პირების მოტივაციის გაზრდით ახსნა. მიაჩნია, რომ საჯარო მოხელეები გაზრდილი ხელფასით უკეთ იმუშავებენ.

"სავარაუდოდ, აღარ იქნება ის პრემიები. იქნება მხოლოდ ჯილდო და დანამატი და ისიც განსაკუთრებულ შემთხვევებში. და ასე რომ ვთქვათ, ერთიანი საჯარო პრემიები აღარ იქნება. საჯარო მოხელეს ექნება უფრო მეტი მოტივაცია, რომ თავისი მოვალეობები პირნათლად შეასრულოს. ხელფასი გაიზარდა, დღევანდელი სოციალური ფონიდან შესაძლებელია დიდი არაფერია, მაგრამ საჯარო მოხელეს მაინც უფრო უკეთესი მდგომარეობა ექნება", - განაცხადა დავით რაზმაძემ

საკრებულოს დეპუტატების გადაწყვეტილებით, თანამდებობის პირების ხელფასები საშუალოდ 200 ლარით გაიზარდა. დეპუტატი "პატრიოტთა ალიანსიდან", თამარ კოდოშვილი ფიქრობს, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებული ნებისმიერი პირი უნდა დაკმაყოფილდეს იმ ხელფასით, რაც მუშაობის დაწყებისას განესაზღვრა. თუმცა ასევე მიაჩნია, რომ თუკი შემდეგ არ მოხდება პრემია-დანამატების გაცემა, დაბალანაზღაურებადი მოხელეებისათვის ხელფასის მომატება შესაძლებელია

"საჯარო მოხელე თუ თანახმაა იმუშავოს იმ სამსახურში, ვალდებულია, დაკმაყოფილდეს იმ ხელფასით, რაც აქვს. თუ არ იქნება პრემიები და არ იქნება დანამატები, შესაძლებელია მოემატოს კიდეც ხელფასი, ოღონდ თუ არ შეცვლიან პირობას და კიდევ თუ არ გასცემენ პრემიებს", - ამბობს კოდოშვილი

განსხვავებული აზრი აქვთ ოპოზიციაში მყოფი სხვა პარტიების წარმომადგენლებს. "რესპუბლიკური პარტიის" წევრ ლექსო ვალიაურს დაუშვებლად მიაჩნია საჯარო მოხელეების ანაზღაურების ზრდა. ამბობს, რომ ქვეყანაში არსებული სოციალური მდგომარეობის ფონზე, თანამდებობის პირები ხელფასს არ უნდა იზრდიდნენ.


"ჩვენ გარშემო უამრავი პრობლემა არსებობს. ვხედავთ, რომ უამრავი ადამიანი ელემენტარულ საჭიროებებს ვერ იკმაყოფილებს. ამ დროს კი "ქართული ოცნება" ორიენტირებულია მხოლოდ იმაზე, რომ საკუთარი პირადი კეთილდრეობა მოიწყონ. საჯარო მოხელეები ყოველთვე იღებენ პრემიებს, დანამატებს, ხელფასებს და საბოლოოდ მივალთ იქამდე, რომ იმ ქვეყნის ბიუჯეტი, რომელსაც აქვს ძალიან მწირი ეკონომიკა, ვერ გაუძლებს ამხელა დარტყმას", - აცხადებს ვალიაური

იურისტებს კი მიაჩნიათ, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობებმა კანონი შრომის ანაზღაურების შესახებ სათავისოდ განმარტეს. "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტი ალექსი მერებაშვილი აცხადებს, რომ თვითმმართველობებს საჯარო მოხელეებისათვის სახელფასო ანაზღაურების გაზრდას კანონი არ ავალდებულებს და შესაძლებელი იყო კონკრეტული თანამდებობის პირისათვის საბაზისო ხელფასის დატოვება

„კანონი არავითარ შემთხვევაში არ ითვალისწინებს იმას, რომ საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირებს აუცილებლად უნდა გაეზარდოთ ხელფასი. პირიქით, მითითებულია, რომ 2018-2020 წლებში არ უნდა გაიზარდოს სახელფასო ფონდი. საჯარო მოხელეებისათვის განსაზღვრულია ხელფასის ათი კატეგორია. საბაზის ხელფასად დადგენილია ათასი ლარი, მაგრამ თითოეული პირისათვის ხელფასის განსასაზღვრად ხდება ხელფასის გამრავლება ამ კოეფიციენტზე. საჯარო დაწესებულებას შეეძლო ეს საბაზისო ხელფასი დაეტოვებინა კონკრეტული სპეციალისტისათვის და არ იყო კანონით ვალდებული, რომ მოემატათ ხელფასი. შეიძლება ითქვას, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის პირებმა სათავისოდ განმარტეს კანონი და სათავისოდ გამოიყენეს, რათა გაეზარდათ ხელფასები“, - განმარტავს მერებაშვილი

გორის საკრებულოს ფინანსურ კომისიაში აცხადებენ, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირების გარდა, ყველას შეეხო შრომის ანაზღაურების შესახებ კანონი. პირველი პოლიტიკური პირების ხელფასის ზრდაზე მოგვიანებით იმსჯელებენ.

Read 1722 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი