მარინა ისპირელი: დროულად ექიმთან მისვლა და დიაგნოსტირება პრობლემის მარტივად მოგვარებას ნიშნავს

აგვისტო 30 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

,,თვითმკურნალობა დაუშვებელია, დროულად ექიმთან მისვლა და დიაგნოსტირება პრობლემის მარტივად მოგვარებას ნიშნავს“, - თქვა სამედიცინო ცენტრ ,,გორმედის“ პოლიკლინიკური დეპარტამენტის ალერგოლოგმა მარინა ისპირელმა გადაცემაში ,,სოციუმი“, სეზონურ ალერგიაზე და მასთან დაკავშირებულ გართულებებზე საუბრისას.

"სეზონური ალერგია ანუ პოლინოზი ადრე გაზაფხულზე იწყება და გვიან შემოდგომამდე გრძელდება. ეს გახლავთ მცენარეული მტვრის მიმართ ალერგია, რომელიც წლის გარკვეულ პერიოდში იჩენს თავს. ასევე, ალერგია შესაძლოა გამოიწვიოს მარცვლოვანმა კულტურებმა და ბალახმაც. ჩნდება ქავილი, სიწითლე, შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, სურდოს მსგავსი მოვლენები, გამონაყარი ტანზე, ცემინება და ა.შ. შესაძლებელია, დაფიქსირდეს სასუნთქი გზების მიმართ მეტი გართულებაც. პოლინოზი შესაძლოა მიმდინარეობდეს იოლი, საშუალო ან მძიმე ფორმებით. მზიანი და ქარიანი ამინდი ალერგიული ავადმყოფებისთვის განსაკუთრებულ დისკომფორტს იწვევს, რადგან ქარის მეშვეობით ალერგენების გადატანა საკმაოდ დიდ მანძილზე ხდება, მზიან ამინდში კი, როგორც მოგეხსენებათ, მტვრის კონცენტრაცია ჰაერში ძალიან მაღალია. კონტაქტური ალერგიაც ზაფხულში ხშირად იჩენს ხოლმე თავს. ალერგიული კონტაქტური დერმატიტი - ეს არის კანის რეაქცია, მასზე მოქმედი სხვადასხვა ფაქტორის მიმართ. ეს არც გადამდებია და არც სიცოცხლისთვის საშიში, თუმცა ძალზე შემაწუხებელია და დისკომფორტს იწვევს. მკურნალობა ამასაც სჭირდება და გარკვეულ დროს და მოთმინებას მოითხოვს. მისი გამომწვევი შეიძლება იყოს ბალახი, საშენი მასალა, კოსმეტიკური და ჰიგიენის საშუალებები, სუნამოები, სამკაულები. კლინიკური ნიშნებია სხეულის იმ არეებზე, სადაც ხდება გამღიზიანებლის კონტაქტი. ჩნდება გამონაყარი, შეწითლება, შეშუპება, შესაძლოა, წყლულებიც. გამონაყარი შეხებიდან რამდენიმე წუთიდან, რამდენიმე საათის შუალედში ვითარდება და თუ დროულად არ იქნება დაწყებული მკურნალობა, შესაძლოა, გართულდეს და სტაფილოკოკური ინფექციაც განვითარდეს", - განაცხადა მარინა ისპირელმა

შეგახსენებთ, რომ გადაცემა ,,სოციუმი“ რადიო "მოზაიკას" ყოველკვირეული გადაცემაა, რომელიც პირდაპირ ეთერში (FM 97.8) გადის ყოველ ოთხშაბათს 20:00 საათზე.

Read 1807 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი