ახალ კორპუსებში 480-დან 40 ოჯახი ცხოვრობს

იანვარი 19 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: თათია გოგოლაძე

ახალი ბინათმესაკუთრე  დევნილები, ანწუხელიძის ქუჩაზე აშენებულ კორპუსებში საცხოვრებლად გადასვლას ჯერ არ ჩქარობენ. 480 ოჯახის ნაცვლად, დეკემბერში განაწილებულ სახლებს, მხოლოდ 40-მდე ბინადარი ჰყავს. ათსართულიან 8 შენობაში, დევნილები აქა-იქ ცხოვრობენ. მიზეზის მოკითხვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ბინები ბუნებრივი აირით უზრუნველყოფილი ამ დრომდე არ არის. რაც შეეხება  ელექტრო ენერგიას, მიეწოდებათ, თუმცა ინდივიდუალურ აბონენტებად დარეგისტრირების პროცესი არ დასრულებულა. აქ კიდევ ერთი მთავარი პრობლემაა - ლიფტი, რომელიც ჯერ არ ფუნქციონირებს და ზედა სართულები, სადაც ავეჯის ატანა ვერ ხერხდება.

 

,,ბუნებრივია, კეთილი საჩუქარი გაგვიკეთეს, მაგრამ ცუდ პირობებს დაემთხვა. სიცივე, ყინვა, გაზი არ გვაქვს ჯერ და ამ ეტაპზე შეჩერებული გვაქვს გადმოსვლის პროცესი“, - ფიქრია  მარუაშვილი ერთ-ერთია იმ დევნილებს შორის, ვინც ცხოვრებას ახალ კორპუსში აგრძელებს. მარტოხელა ქალი ორჯერ დევნილია.  1991 წელს ჯერ - ცხინვალიდან, შემდეგ კი დედის მშობლიურ სოფელ აჩაბეთიდან. საცხოვრებლად ახალ ბინაში ჯერ არ გადასულა, რადგან, შენობები საკომუნიკაციო საშუალებებითა და ბუნებრივი აირით  უზრუნველყოფილი არ არის.

,,ერთი პრობლემა ის არის, რომ ლიფტი ჯერ გამორთულია. მაღალი სართული მინდოდა, მაგაში გამიმართლა და მე-9 შემხვდა, მაგრამ ავეჯი ვერ ამაქვს. ჩართავენ თუ არა გაზს და სინათლეს, მაქსიმალურად ვეცდები, გადმოვიდე. იმიტომ, რომ ახალ ბინაში ახალი ცხოვრება მინდა დავიწყო, ახალი საფეხურით.“

ფიქრია მარუაშვილისგან განსხვავებით, სიცივეს არ შეუშინდა სოფიო ჭულუხაძე. ის მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად,  გიორგი ანწუხელიძის ქუჩაზე აშენებული ერთ-ერთი კორპუსის, მეორე სართულის მაცხოვრებელი, ბინის მიღებიდან რამდენიმე დღეშივე გახდა. მისი ოჯახი დევნილობის პერიოდში  მეჯვრისხევის მეფრინველეობის ფაბრიკის დასახლებაში  ცხოვრობდა.

,,ვცდილობდი, ახალ წლამდე ნივთები გადმომეტანა და აქ შევხვედროდი. მერე ჩვენც გადმოვედით, ბავშვებიც გადმოვიყვანეთ. საკუთარ ჭერზე ზრუნვა აღარ მომიწევს და ვეცდები, მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად,  მეუღლეს მსგავსად, სამსახური ვიშოვო“, - გვითხრა სოფიო ჭულუხაძემ.

ახალ ბინაში საცხოვრებლად, მონიკა თაკალაძეც   გადავიდა. ის ჯერ საოჯახო ტექნიკის შესაძენად საჭირო რესურსის მოძიების პროცესშია.

,,იქით სამზარეულოა, ეს მისაღები და იქით საძინებელი. ავეჯი არ დაგვხვდა, თუმცა, ამაზე არ ვდარდობთ, რა სათქმელია. ბუნებრივი აირი არ არის, მაგრამ უკვე შემოყავთ და ალბათ, მალე ნორმალურ პირობებში ვიცხოვრებთ“, განმარტა,  მონიკა თაკალაძემ.

480 -დან  ამ ეტაპზე რეალურად მხოლოდ 40-მდე ოჯახია ახალ კორპუსებში საცხოვრებლად გადასული. 44  სამოთახიან   ბინაზე კი, მეორე ეტაპია გამოცხადებული. თავდაპირველად, განაცხადების რაოდენობა ორჯერ აღემატებოდა არსებულ რაოდენობას. დევნილებმა, რომლებიც სიებში ვერ მოხვდნენ, საპროტესტო აქციაც მოაწყვეს და კომისიის წევრებს ინდივიდუალურად შეხვდნენ. რის შედეგადაც, რამდენიმე ოჯახი პირველ ეტაპზე დასაკმაყოფილებელი დევნილების ნუსხიდან ამოიღეს. შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით არსებულ შეკითხვებზე დღეს, დევნილთა სამინისტროსთან დაკონტაქტება ვერ მოხერხდა. უწყების პოზიციის მოძიებას "მოზაიკა" ორშაბათისთვის შეეცდება.

Read 5914 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი