თავზარაშვილი: წყლის დაზიანებული მილების გამოცვლა ჩვენ არ შეგვიძლია
“გზების რეაბილიტაციისას წყლის მილების გამოცვლა ჩვენი ვალდებულება არ არის“, - ეს განცხადება რადიო “მოზაიკასთან“ გორის მერმა გააკეთა. კონსტანტინე თავზარაშვილი გორში ახლადრეაბილიტირებულ რამდენიმე ქუჩაზე მილებიდან წყლის გაჟონვასთან დაკავშირებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
“როდესაც გზის მოპირკეთების სამუშაოები მიმდინარეობს, კომპანიას თავისი ტექნიკით მუშაობს და ზედაპირის მომზადების დროს, მოძველებული წყლის მილები ზიანდება, მილების გამოცვლა ჩვენ არ გვეკუთვნის, ამას კერძო კომპანია უზრუნველყოფს. ამ შემთხვევაში, ის კომპანია, რომელიც გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს, არაფერ შუაშია. დაზიანების შემთხვევაში მოსახლეს აძლევენ იმის საშუალებას, რომ დაზიანებული მილი გამოცვალოს, რა თქმა უნდა, ამაში მათ წყლის კომპანია ეხმარება, ამ შემთხვევაში მოსახლე ვალდებულია, რომ ცენტრალურ მილზე დაერთებული თავისი დაზიანებული წყლის მილი გამოცვალოს“, - განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.