ჰოსპიტალში ჯარისკაცის გარდაცვალების მიზეზებს განმარტავენ

სექტემბერი 05 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"პაციენტის ბიოლოგიური სიკვდილი დაფიქსირდა 01/09/2018 21:10 საათზე. გარდაცვალების მიზეზი გახდა თავის ტვინის ტრავმული შეშუპება, პოსტტრავმული კომატოზური მდგომარეობა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა", -ასეთ განმარტებას აკეთებენ ჰოსპიტალში თავდაცვის სამინისტროს პირველი საარტილერიო ბრიგადის სამხედრო პირის, სერგო ჯიმშერაშვილის გარდაცვალების ფაქტზე.

ჯარისკაცი სამედიცინო დაწესებულებში 25 მაისს ნაცემი მიიყვანეს, დაზიანებები სამხედრო პირებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად ჰქონდა მიყენებული.

"სერგო ჯიმშერაშვილის ჯანმრთელობის დაზიანებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის შესახებ, მიმდინარე საქმის მასალების სრულად გაცნობის შემდეგ ირკვევა, რომ 25 მაისს მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, მყისიერი რეაგირება არ მომხდარა. ამ დროისთვის დაუდგენელი მიზეზებით, შსს-ში გამოძიება მხოლოდ 3 დღის დაგვიანებით დაიწყო. გამოძიებით დადასტურებულია, რომ სერგო ჯიმშერაშვილის მძიმე დაზიანებებით თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში შეყვანის შესახებ, სამართალდმაცავ ორგანოში შეტყობინება სამედიცინო დაწესებულების მხრიდან მომხდარის ღამესვე გაკეთდა, თუმცა შეტყობინებაზე რეაგირება სამი დღის განმავლობაში უცნობი მიზეზით არ მომხდარა. გამოძიება, 2018 წლის 28 მაისს, მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც კომაში მყოფი სერგო ჯიმშერაშვილის დედამ, შსს-ს ვაზიანის განყოფილებას განცხადებით მიმართა", -აცხადებენ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში.

სწორედ ეს ორგანიზაცია იცავს ოჯახის მომართვის საფუძველზე, გამოძიების წინაშე სერგო ჯიმშერაშვილისა და მისი ოჯახის წევრების ინტერესებს. მისი წარმომადგენლების ცნობით, ჯარისკაცი ჰოსპიტალში 3 თვის მანძილზე კომაში იმყოფებოდა.

საქმეზე გამოძიებას, 28 მაისიდან, შსს ქვემო - ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველო აწარმოებდა. გამოძიების ფარგლებში ბრალი წარედგინა ხუთ სამხედრო მოსამსახურეს,საიდანაც ერთი პირი ბრალდებულია სერგო ჯიმშერაშვილის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია (სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილი). ოთხი სამხედრო კი ბრალდებულია დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე (სსკ-ის 376-ე მუხლი). ამ საქმეზე წინასასამართლო სხდომა რუსთავის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართა.

Read 1740 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი