იულია ხარაშვილი: ბინები კიდევ არ არის გადაცემული საკუთრებაში

სექტემბერი 14 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

,,ძალიან კარგია დევნილთა განსახლების პროგრამა რომ არსებობს, რომელიც 2009 წელს დაიწყო, მაგრამ ის საკმაოდ ნელია და ბევრი ხარვეზი აქვს“, -  განაცხადა იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია - ,,თანხმობის“ ხელმძღვანელმა იულია ხარაშვილმა გადაცემაში ,,სოციუმი“.  

,,ამ დღეებში ჩვენ შევხვდით იძულებით გადაადგილებულ პირებს, რომელბმაც ახალი ბინები მიიღეს კომბინატის დასახლებაში. დათვალიერებით და მათთან გასაუბრებით აღმოჩნდა, რომ ბინებში ხარვეზებია. მაგალითად, ექსპლუატაციაში შესვლიდან რამდენიმე დღეში ერთ - ერთ კორპუსში გასკდა წყლის ძირითადი მილი, კორპუსებში არ არის გაკეთებული სავენტილაციო, 8 თვეა, რაც ხალხი აქ ცხოვრობს და სარდაფები უკვე წყლითაა გავსებული, ანუ ნელ - ნელა გროვდება პრობლემები. ბინები კიდევ არ არის გადაცემული საკუთრებაში. თურმე საკუთრებაში გადაცემა უნდა მოხდეს 6 თვის განმავლობაში და უკვე 8 თვე გავიდა. ეს კი იმას იწვევს, რომ ბინებს ამჟამად პატრონი არ ჰყავს და ადამიანები, რომლებიც იქ ცხოვრობენ რეალური მეპატრონეები არ არიან, რადგან გაფორმებული არ აქვთ. პრობლემების აღმოსაფხვრელად ვერც მუნიციპალიტეტს მივმართავთ, რადგან მუნიციპალიტეტზეც არ არის ჯერ გადაცემული. სამწუხაროდ, სამშენებლო კომპანიასთან საგარანტიო ვადაც მხოლოდ ერთი წელია და ჩვენ კარგად ვიცით, რომ ძალიან რთულია კომპანიის მოყვანა ამ პრობლემების გადასაწყვეტად. კორპუსების შესასვლელში გაკეთებულია მშვენიერი, ლამაზი იატაკი, მაგრამ სრიალებს. ძალიან სასიხარულოა, რომ გაკეთებულია საბავშვო მოედანი, მაგრამ ძალიან პატარაა და არის ერთი საქანელა, რაც არასაკმარისია, რადგან კორპუსებში ცხოვრობს 480 ოჯახი და როგორც წესი, ოჯახში ორი და სამი ბავშვია. ვიტყოდი, რომ ამ პროექტში ჩადებულია დიდი შრომა, დიდი თანხა  და მადლობის მეტი რა გვეთქმის სამინისტროს მიმართ, მაგრამ აუცილებელია, დაგეგმარებაში მიიღოს მონაწილეობა თემმა, რომელმაც უკეთ იცის რა სჭირდება. ამას გვეუბნება გაეროს რეზოლუცია - 1325, რომელიც ეხება კონფლიქტის დროს დაზარალებულ ქალებს და გოგონებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი, აუცილებლად შესასრულებელი დოკუმენტია და ის შეგვიძლია გამოვიყენოთ ქალების, გოგონების და მათი ოჯახების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რადგან  ზრუნვა ქალებზე, მთელ ოჯახზე ზრუნვას ნიშნავს“, - აღნიშნა ხარაშვილმა.

შეგახსენებთ, ,,სოციუმი“ რადიო "მოზაიკას" ყოველკვირეული გადაცემაა, რომელიც პირდაპირ ეთერში (FM 97.8) გადის ყოველ ოთხშაბათს, 20:00 საათზე. 

Read 362 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი