იულია ხარაშვილი: მნიშვნელოვანია, აქ მცხოვრებ ადამიანებს მეტი ყურადღება მივაქციოთ

სექტემბერი 15 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია - ,,თანხმობის“ ხელმძღვანელი იულია ხარაშვილი გადაცემაში ,,სოციუმი“ ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლების განვითარების და ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღების აუცილებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, ამ სოფლების განვითარება ახალგაზრდების მიგრაციას შეაჩერებს, რაც საკმაოდ მაღალია ამ ტერიტორიებზე, მეორე მხრივ კი, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების ინტერესს გააღვიძებს, რომლებიც სწორედ ამ სოფლებში არსებული ვითარებით ზომავენ საქართველოს განვითარების ხარისხს.

,,როდესაც ვსაუბრობ აფხაზებთან (ოსებთან ნაკლებად მაქვს ასეთი საუბრები, მაგრამ  დარწმუნებული ვარ, რომ მათთანაც იგივეა), რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, იკვეთება, რომ ისინი საქართველოში არსებულ მდგომარეობას ზომავენ არა იმით, რა ხდება თბილისში, არამედ იმით, თუ რა ხდება ზუგდიდში ან ხურვალეთში, რადგან ისინი ამ ტერიტორიებს უყურებენ საკუთარი თვალით. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ე.წ. გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში საჭიროა უფრო მეტი სახელმწიფო პროგრამა იყოს, როგორც ცენტრალური მთავრობიდან, ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინფრასტრუქტურაც იყოს მოწესრიგებული, უსაფრთხოებაც იყოს დაცული, ჯანმრთელობის პროგრამებიც გაფართოვდეს და კიდევ ბევრი რამაა საჭირო. მაგალითად, აქამდე ბევრ სოფელში არ არის ინტერნეტი და თუ არის, კერძო ინტერნეტია, რომელიც ძალიან ძვირია. ძალიან კარგია, რომ ეს სოფლები გაზიფიცირებულია, რომ კეთდება გზები, მაგრამ მნიშვნელოვანია, აქ მცხოვრებ ადამიანებს უფრო მეტი ყურადღება მივაქციოთ, იმიტომ, რომ ისინი ძალიან რთულ პირობებში, დიდი ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ ცხოვრობენ, ყოველდღე სროლებს უსმენენ. კარგი იქნება, მათი ეკონომიკური გაძლიერებისთვის ამუშავდეს სოფლის მეურნეობის პროგრამები და ისინი მომარაგდნენ თესლებით, ჩითილებით, შხამ - ქიმიკატებით, თანამდეროვე შრომის იარაღებით, ანუ ყველაფრით, რაც სჭირდება სოფლის მეურნეობის განვითარებას. ყურადღება მიექცეს საგანმანათლებლო პროგრამებს, მითუმეტეს, გოგონებისთვის და ქალებისთვის, იმიტომ, რომ იმაში, თუ როგორი თაობა გაიზრდება, დედის წვლილი არის ძალიან დიდი. გოგონების სწავლება არის ინვესტიცია მომავალში, რადგან ქალი ზრდის მომავალ თაობას. აუცილებელია პედაგოგების ხშირი გადამზადება. როგორი ახალგაზრდობა იქნება ამ რეგიონში, ამას განსაზღვრავს სკოლები. რამდენიმე სკოლა ძალიან მოწინავეა, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ერთეული სკოლები. რეგიონის მომავალი ახალგაზრდობაა და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ რეგიონიდან მათი მიგრაცია შევაჩეროთ. ამისთვის სოფელში უნდა იყოს გართობა. სამწუხაროდ, მე ვერც ერთ სოფელში ვერ ვნახე ახალგაზრდული ცენტრი. აი, ამით განსხვავდება სოფელი ქალაქისგან, სოფელში ახალგაზრდას არ აქვს ადგილი, სადაც საღამოს წავა, სადაც იცეკვებს, სადაც ყავას დალევს და გაერთობა. ეს არ არის ფუფუნება, ეს არის პირველი სახის მოთხოვნილება ახალგაზრდისთვის. ამას დიდი ფული არ სჭირდება, ამას მონდომება სჭირდება და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მუნიციპალიტეტი იზრუნებს სოფლებში ასეთი კუთხეების შექმნაზე“, - აღნიშნა იულია ხარაშვილმა.

შეგახსენებთ, ,,სოციუმი“ რადიო "მოზაიკას" ყოველკვირეული გადაცემაა, რომელიც პირდაპირ ეთერში (FM 97.8) გადის ყოველ ოთხშაბათს, 20:00 საათზე. 

Read 434 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი